მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანს რა წარსული აქვს და რა ობიექტური თუ სუბიექტური კითხვები გვაქვს მასთან - მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ, ქვეყანას კი პრაგმატული და ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის და იმავდროულად, სახალხო დამცველობის კანდიდატია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი ჰუმანური და ჰუმანიტარული პრინციპებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და არავითარი პოლიტიკური მზომელი აქ არ უნდა იყოს.
"მიხეილ სააკაშვილის წარსულთან დაკავშირებით საზოგადოება რა თქმა უნდა, კონტრავერსიული შეხედულებებით გამოირჩევა, თუმცა, რაც შეეხება ჯანმრთელობას, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანს რა წარსული აქვს, რა ობიექტური თუ სუბიექტური კითხვები გვაქვს მასთან დაკავშირებით, ეს არის სუფთა ჰუმანიტარული პროცესი, ჩემი შეფასებით და ვინც არ უნდა იყოს მის ადგილას, განსაკუთრებით კი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ვფიქრობ, რომ ზუსტად ჰუმანური და ჰუმანიტარული პრინციპებიდან უნდა შევხედოთ და არანაირი პოლიტიკური მზომელი აქ არ უნდა იყოს. ამიტომ მე მას რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ და ჩვენს ქვეყანას ვუსურვებ, რომ პრაგმატული და ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს,"- განაცხადა აბაშიძემ.