დაფიქრებული და ცოტა გაწელილი შედეგი სჯობს, ნაჩქარევ და მოლაპარაკების გარეშე მიღებულ ცალმხრივ გადაწყვეტილებას - ამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმებები, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგება მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ ანა აბაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის და იმავდროულად, სახალხო დამცველობის კანდიდატია.
მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია დეპუტატებზე, ისევე როგორც მათზეა პასუხისმგებლობაც, მათი რჩეული, ვინც არ უნდა იყოს ის, სამომავლოდ იმ ფუნქციას არ შეასრულებს, რისთვისაც აირჩევენ.
„მოლოდინებზე საუბარი ალბათ, ცოტა ადრეა, მე მუდმივად ძალიან ოპტიმისტურად ვარ ხოლმე განწყობილი და რადგან პროცესში ვმონაწილეობ, იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ობიექტური კრიტერიუმებით იმსჯელებს და ამით მიიღებს გადაწყვეტილებას, ვინც უნდა შეიტანოს წვლილი ჩვენი ქვეყნის მართლმსაჯულების გაუმჯობესებაში, ამისთვის ვარ აქ მოსული. რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება დეპუტატებზე და პასუხისმგებლობაც მათზეა, თუ ვთქვათ, მათი რჩეული, ვინც არ უნდა იყოს, სამომავლოდ იმ ფუნქციას არ შეასრულებს, რისთვისაც ისინი არჩეულები არიან. მე პირადად მზად ვარ, ეს ფუნქცია შევასრულო ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება,"- განაცხადა აბაშიძემ.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ განაცხადი წარდგენილი აქვს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის, ასევე სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ორივე კონკურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პარლამენტს სთავაზობს მის მზაობას, ორივე პოზიციაზე წარადგინოს კანდიდატურა, ხოლო რომელ ან საერთოდ რომელიმე პოზიციაზე შეიძლება თუ არა იყოს შესაბამისი კანდიდატურა, ეს პარლამენტის გადასაწყვეტია. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ამ დრომდე პარლამენტში ვერ შეთანხმდნენ ომბუდსმენის კანდიდატურაზე, აბაშიძე აცხადებს, რომ პოლიტიკურ კონსენსუსს დრო სჭირდება, ამიტომ მთლიანობაში დაფიქრებული და გაწელილი შედეგი სჯობს, ნაჩქარევ და მოლაპარაკების გარეშე მიღებულს ცალმხრივ გადაწყვეტილებას.
„სახალხო დამცველი ვინც არ უნდა იყოს, მთავარი კრიტერიუმია, რომ იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული, აპოლიტიკური და რაც მთავარია, კონსენსუსის შედეგი. პოლიტიკურ კონსენსუსს დრო სჭირდება, ამიტომ მთლიანობაში დაფიქრებული და ცოტა გაწელილი შედეგი მირჩევნია მე პირადად, ვიდრე ნაჩქარევი და მოლაპარაკების გარეშე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილება. ამიტომ იმედია, მალე დასრულდება ეს შეთანხმებები, თუ არსებობს ასეთი მოლაპარაკება და დიდი იმედი მაქვს, რომ მართლაც შედგება კონსენსუსი. ამ ქვეყანას სჭირდება პოლიტიკური შეთანხმებები, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შედგება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, ამ ორ საკითხზე პარლამენტში.
ნეგატიურად არ შევხედავდი ამ პროცესს, გამომდინარე, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მას ექნება შედეგი და პოლიტიკური პარტიები შეთანხმდებიან იმაზე, რაც ამ ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ქვეყანას ჰყავდეს დამოუკიდებელი, ზეპარტიული, აპოლიტიკური სახალხო დამცველი და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანა არის ევროპული ინტეგრაციის ერთ- ერთი პუნქტი, რომელიც არის სწორედ ასეთი სახალხო დამცველის ყოლა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამის შესრულება და იმედი დავიტოვოთ, რომ რაიმე სუბიექტურ ან კაპრიზულ მიზეზებს არ გადავაყოლებთ“, - განაცხადა აბაშიძემ.
ცნობისათვის, პარლამენტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატების მოსმენა გაგრძელდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე 12 დეკემბერს ანა აბაშიძეს, თამარ მახარობლიძეს, როინ მიგრიაულს, ლია მუხაშავრიას, ლევან ნემსაძეს და ნინო ნიშნიანიძეს მოუსმენენ. კომიტეტი ასევე მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხსაც განიხილავს.