თავდაცვის მინისტრი - ჩვენი მდებარეობიდან და პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, გააზრებული გვაქვს, რომ დიდი და ძლიერი რეზერვი გვჭირდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსში სტუდენტების გაწვევის საკითხი გათვალისწინებულია.

როგორც მან მთავრობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სტუდენტებს ექნებათ საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ სამხედრო მომზადების ერთთვიანი კურსი გაიარონ.

ასევე, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, სამხედრო მოხალისეობა სრულად თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი იქნება.

„ჩვენ მივიღეთ მთავარი საკანონმდებლო აქტი, როგორიცაა თავდაცვის კოდექსი. ამ ეტაპზე კოდექსი აერთიანებს ცხრა კანონს, ოთხ კანონქვემდებარე აქტს და ასევე, რეფორმებს. მინდა მათგან რამდენიმე გამოვყო.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი თავდაცვის ძალების მართვა, ორგანიზება და სოციალური გარანტიების მიცემაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ და ამ თვის ბოლოს ვასრულებთ ჯარის ქალაქის მშენებლობას. გვინდა, რომ ეს პროცესი ვაქციოთ განგრძობითად, იყოს შეუქცევადი და ჩვენი ოფიცრები მომავალში უზრუნველყოფილები იყვნენ ბინებით.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა კოდექსში არის წვევამდელთა ახალი სისტემა, რომელიც გაცილებით ფართო მასშტაბს შეეხება, იქნება მოქნილი და ექნება არჩევანის დიდი დიაპაზონი. ჩვენ, ყოველწლიურად, გასაწვევთა გარკვეული რაოდენობა გვყავს და პარალელურად, ჩვენი გეგმა გვაქვს. ეს გეგმა ეხება სტუდენტებს და როგორც დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აღარ იქნება თავის არიდების ისეთი საშუალებები, როგორებიც არის დღეს. ეს არის სიმახინჯე და ჩვენ ამ სიმახინჯეს აღმოვფხვრით. გვექნება ალტერნატიული სამსახურის საშუალება, რომელიც თავდაცვის ძალებთან იქნება დაკავშირებული. ასევე, საინტერესო და მნიშვნელოვანი პუნქტია მოხალისეობა. მოხალისეობა სრულად თავდაცვის სამინისტროს მიერ კონტროლირებადი იქნება, ჩარჩოებში მოექცევა. ჩვენ აღარ დავტოვებთ საფრთხეებს და მივიღებთ გაცილებით მასშტაბურ რეზერვს. ჩვენი მდებარეობიდან და პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, გააზრებული გვაქვს, რომ დიდი და ძლიერი რეზერვი გვჭირდება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, იქნება საშუალება, რომ სრული სამხედრო კურსის დამთავრების შემდეგ, ადამიანმა ოფიცრის სტატუსი მიიღოს.

„რეგიონებში აშენდება თავდაცვის ცენტრები, სადაც მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღებას შეძლებენ.

ჩვენს ყველა გადაწყვეტილებას უკან საჭიროება უდგას. საჭიროების შესაბამისად ავირჩიეთ და დავუშვით ეს საშუალებები. ექვსთვიანი მომზადების პროგრამა უფრო საბრძოლო და აქტიური იქნება. სამართლიანობა ყველგან დაცული გვაქვს და სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ სამხედრო მომზადების ერთთვიანი კურსი გაიარონ.

რვათვიან შემთხვევებში, მხარდამჭერი ფუნქციების შესრულების საშუალებას დავტოვებთ.

გამოწვევა გვაქვს ოფიცერთა შემადგენლობაშიც. ჩვენი აზრით, იქნება იმის საშუალებაც, რომ სრული კურსის დამთავრების შემდეგ, ადამიანმა ოფიცრის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა