არსებობს კომპრომისისა და კონსენსუსის რეალური შანსი, - ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხზე ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველობის თითოეულ კანდიდატზე დეტალურად ისაუბრეს, ხოლო 16 დეკემბერს, უფრო კონკრეტული პოზიციებით კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.
ამასთან, მდინარაძემ არც ის გამორიცხა, რომ საბოლოოდ შეთანხმებული გადაწყვეტილება ვერც 16 დეკემბერს მიიღონ.
“არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ პოზიციების დაახლოებას მაქსიმალურად ვცდილობთ. ვერ გეტყვით, რომ დღეს არსებითი შედეგი მივიღეთ. თითოეულ კანდიდატებზე სათითაოდ - პლიუს-მინუსებით, ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. ჩვენ ჩვენი პოზიციები გვქონდა, თუმცა ახლა ამ პოზიციების გარეთ გამოტანა პროცესს დააზიანებს. შევეცდებით პარასკევს ნათელი გავხადოთ ორივე მხრიდან რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს კომპრომისული ვერსია და მიღწეული იქნას კონსენსუსი.
არ მაქვს ილუზია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებაზე პარასკევს შევთანხმდებით, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ყველა თავს-თავის გუნდს უბრუნდება, სადაც ასევე გარკვეული თანხმობა სჭირდებათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.