საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების გამო, ის საჩივარს იუსტიციის მინისტრის და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ შეიტანს.
მისი თქმით, ამ კადრების გავრცელებით საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა მოხდა.
„კადრების გასაჯაროების უფლება აქვთ მხოლოდ პირისგან ნებართვის შემთხვევაში. ისინი უნდა მოსულიყვნენ კლინიკა „ვივამედში“, კლინიკა „ვივამედის“ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა შესულიყვნენ მიხეილ სააკაშვილთან და მისგან უშუალოდ ნებართვა აეღოთ. ასეთი, რამ არ მომხდარა. შესაბამისად, ეს კანონის უხეში დარღვევა იყო, რაც გათვალისწინებულია გარკვეულწილად ადმინისტრაციული წესით და გარკვეულწილად სისხლის სამართლებრივ დანაშაულებრივ ქმედებად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს გახლავთ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. ამიტომ მივმართავთ, როგორც პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორს, ასევე, საგამოძიებო სამსახურს დაიწყონ გამოძიება, უკვე მესამე შემთხვევა იყო თუ არ ვცდები სააკაშვილის კადრების გასაჯაროების, მისი ყოველგვარი ნებართვის გარეშე. საჩივარი შევა იუსტიციის მინისტრის, პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, რომ დაიწყოს გამოძიება, გაარკვიონ რა მოხდა, პირველ პროცესზე რატომ არ მოხდა სააკაშვილის გადმოყვანა და მეორე, როგორ მოხდა იუსტიციის მინისტრის ხელში ეს კადრები. ყველა შემთხვევაში ამას უნდა გაევლო პენიტენციური სამსახურის ხელში, შემდეგ პენიტენციურ სამსახურს უნდა მიეწოდებინა იუსტიციის მინისტრის რომელიმე დეპარტამენტის უფროსისთვის, დეპარტამენტის უფროს უნდა მიეწოდებინა მოადგილისთვის, მოადგილეს უნდა მიეწოდებინა იუსტიციის მინისტრისთვის. მთელი ჯაჭვი არის ამ ყველაფერში ჩართული. ამ ქმედებით პატიმრის და ადამიანის უფლება დაირღვა. გარდა ამისა, მოხდა საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა და გაუკუღმართებული აზრის შექმნა“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ადვოკატის განმარტებით, მთელი უწყებებია ჩართული მიხელ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში.
„გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა გაირკვეს, ვინ იყო ჩართული ამ უბედურებაში, რაც გუშინ ვნახეთ. ეს ნეოკომკავშირეობა და ნეობოლშევიზმი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. საქმე არის სასამართლოში და სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განიხილოს ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლებისა და ბოლშევიკური მეთოდების გამოყენების გარეშე“, - აღნიშნა ადვოკატმა.
შალვა ხაჭაპურიძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გავრცელებული კადრებიდან 4 ოქტომბრის კადრები გაიხსენა და განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის გაღიზიანების მიზეზი იყო ის, რომ უფლებადამცველების ნაცვლად მასთან მოსამართლე და პროკურორი შევიდა.
„ეს არის შემთხვევა, როდესაც 4 ოქტომბერს „ვივამედის“ მიმღებში ველოდებოდით დოქტორი ლახანი, მასიმო დიანჟელო, მე, მარიამ ჯიშკარიანი და ოთარ თოიძე. დაახლოებით, 2 საათი გვალოდინეს და 2 საათის შემდეგ გვითხრეს, თურმე მოსამართლე მოვიდა პროკურორთა ერთად. ამ დროს სააკაშვილი ელოდება, რომ მასთან უნდა შევიდეს საერთაშორისო ექსპერტები, ცენტრი „ემპათიას“ ექსპერტები და ამ დროს ჩვენს ნაცვლად შეჰყვათ მოსამართლე და პროკურორები. ამას მოჰყვა სააკაშვილის რეაქცია და მას შეტევა ჰქონდა, გონება დაკარგა და ჩვენ ერთ-ერთ ეპიზოდთან, რომელსაც სასამართლო პროცესზე, ზუსტად ეს ეპიზოდი გახლავთ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მედ-პერსონალს, როგორც გონების კარგვის ეპიზოდი ავადმყოფობის ისტორიაში შეტანილი არ აქვთ. ახლა საზოგადოებამ გააკეთოს დასკვნა იყო თუ არა ეს გონების კარგვის ეპიზოდი და თუ იყო მაშინ, რატომ არ იყო შეტანილი და რატომ არ მოხდა შემდეგ კვლევები, რა მიზეზით მოხდა და რატომ ჰქონდა სააკაშვილს ეს შეტევა?!“ - აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დამცველის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს არ ახსოვდა გონების დაკარგვის ორი ეპიზოდი.