ხათუნა სამნიძე რატი ბრეგაძეს - სააკაშვილის დროს კატასტროფა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შურისძიების რეჟიმში გადაიყვანოთ საზოგადოება - მდარე ცინიზმის გარეშე  გვიპასუხეთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა

მიხეილ სააკაშვილის დროს კატასტროფა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შურისძიების რეჟიმში გადაიყვანოთ მთელი საზოგადოება იმ კადრების ჩვენებით, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ აჩვენოთ ყველას, როგორ ასრულებთ ერთი ადამიანის ბრძანებებს, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

სამნიძემ ბრეგაძეს მოუწოდა, „მდარე ცინიზმის“ გარეშე უპასუხოს კითხვას, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„თქვენი საკმაოდ ვრცელი გამოსვლის დროს არც ერთხელ არ ახსენეთ პატიმარი, რომლის თაობაზეც ქვეყნის შიგნით არაერთი ძალიან სერიოზული საუბარია, დაპირისპირებაც კი და ქვეყნის გარეთაც ამაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც უნდა საუბრობდნენ ჩვენი ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. არც ერთხელ ახსენეთ ეს საკითხი. დიახ, მიხეილ სააკაშვილის დროს კატასტროფა ხდებოდა ციხეებში, დიახ, ბევრ ჩვენგანს ძალიან მძიმედ ახსოვს, როგორ ითელებოდა ფეხქვეშ ადამიანის უფლებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღეს თქვენ იმ რეჟიმისკენ უნდა გაიშვიროთ ხელი და იმაზე უნდა ისაუბროთ, რა ხდებოდა მაშინ და შურისძიების რეჟიმში გადაიყვანოთ მთელი საზოგადოება იმ კადრების ჩვენებით, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სწორედ ეს - აჩვენოთ ყველას, როგორ ხართ შურისძიების პროცესში და როგორ ასრულებთ ერთი ადამიანის ბრძანებებს იმის ნაცვლად, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების მაგალითი გვქონდეს და არა ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება.

სამწუხაროდ, როდესაც თქვენ ამაზე გეკითხებიან, მდარე ცინიზმით პასუხობთ და ხელს იშვერთ ისევ ოპოზიციისკენ, პარტიისკენ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დაამარცხეს 2012 წელს. უნდა გასცეთ პასუხი სპეკულაციებს, რომელიც იმიტომაა, რომ თქვენგან არ ისმის მკაფიო პასუხი, რა ხდება დღეს პატიმრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მდარე ცინიზმის გარეშე, კონკრეტულად გვიპასუხეთ, რა ხდება, როგორია ჯანმრთელობის მდგომარეობა. როდესაც ტრაბახობდით, რომ ონლაინ საზღვარგარეთ სწავლაც შეუძლიათ პატიმრებს, რატომ მოიყვანეთ ტექნიკური პრობლემა იმის ასახსნელად, რომ გვენახა, რა მდგომარეობაშია ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობაში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო