რატი ბრეგაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს წააგეს 100:0

სპორტში, მაგალითად ფეხბურთში, არსებობს ასეთი წესი: როდესაც გუნდი გაუგებარი მიზეზის გამო არ ცხადდება, ეთვლება ანგარიში 3:0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100:0, მაშინ, როცა დატოვეს დარბაზი , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ სხდომათა დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზის დატოვებით შეურაცხყოფა, მათ შორის, საკუთარ ამომრჩეველსაც მიაყენეს.

„სამწუხაროდ, პირდაპირი ტრანსლაციის დროს მაყურებელი ხედავს უშუალოდ მომხსენებელს და ვერ ხედავს დარბაზს. დარბაზი ახლა არის ცარიელი, სულ რამდენიმე პლაკატი დატოვეს [„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა] საკუთარი თავის ნაცვლად. აქვე, უნდა ვთქვა, ისინი ხშირად საუბრობენ, თითქოს, ვინმეს ვემალებით, არ ვპასუხობთ, მე მსგავსი შემთხვევა არ მახსენდება. მე რომ ვიყო მათ ადგილზე, ამ ტრიბუნას აუცილებლად გამოვიყენებდი, მაგრამ ეტყობა გაუჭირდათ ლოგიკური კითხვების დასმა და შემდგომში მათთვის არასასურველი პასუხების მოსმენა. ისიც კი აკადრეს საკუთარ ამომრჩეველს, რომ აქ არ მობრძანდნენ. შესაბამისად, სახლთან დადარაჯებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ნაცვლად, ჯობდა აქ ყოფილიყვნენ. სპორტში, მაგალითად, ფეხბურთში, არსებობს ასეთი წესი, როდესაც გუნდი არ ცხადდება, გაუგებარი მიზეზის გამო, მას ეთვლება ანგარიში 3:0, ხოლო პოლიტიკაში, კარგად უნდა სცოდნოდათ რადიკალურ ოპოზიციონერებს, რომ დღეს მათ წააგეს 100:0, მაშინ, როცა დატოვეს ეს დარბაზი. სირცხვილი მათ, თუნდაც საკუთარი ამომრჩევლების წინ.

ასევე, მათ დაიწყეს სერგო ორჯონიკიძესთან შედარება. პირდაპირ მინდა ვთქვა, აქ სკამებს ვუთხრა მათ ნაცვლად და იმედია უყურებენ, რომ საბჭოთა კინემატოგრაფმა მათი სახით დაკარგა ძალიან დიდი ტალანტები, რომლებიც ერთმანეთს აშკარად ტოლს არ დაუდებდნენ პავლე მოროზოვის როლის შესრულებაში. ესეც მინდა, რომ დაიმახსოვრონ ამხანაგებმა. ასევე, ამ ოროსნებს ისიც უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პატივს არ სცემენ, მათ შორის, კონსტიტუციასა და დებულებებს, უდანაშაულობის პრეზუმფციას, როდესაც ადამიანს უწოდებენ მკვლელს, მაშინ, როცა მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია.

ბავშვების საკითხს რაც შეეხება, არ მივცემ თავს უფლებას მათი ეს ამორალური სიტყვები გავიმეორო. ეს განაცხადი აჩვენებს მათ ამორალურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას, მათ შორის ბავშვების მიმართ. აქვე მინდა ვთხოვო სახალხო დამცველსა და ყველა შესაბამის ორგანიზაციას გამოეხმაურონ ამ მავნებლურ განცხადებებს სათანადო ფორმით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა