შერჩევითად საუბარი მიდის - ცენტრ „ემპათიის“ ექიმები გამოდიან და საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რაც მათ აწყობთ, თუმცა დასკვნა არ არის გასაჯაროებული და კარგი იქნება თუ გასაჯაროვდება , - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ბექა დავითულიანის კითხვას, აქვთ თუ არა ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასკვნა გაკეთებული.
ბრეგაძის თქმით, თავად კონკრეტულ დიაგნოზზე ვერაფერს იტყვის და უმჯობესი იქნება, თუ ამის შესახებ ექიმები ისაუბრებენ.
„მე კონკრეტულ დიაგნოზზე საუბარი გამიჭირდება. არ გვაქვს ამის უფლება და უმჯობესი იქნება, თუ ამ საკითხებზე ექიმები ისაუბრებენ, თუმცა ვხედავთ შემდეგ სურათს, რომ შერჩევითად მიდის საუბარი. ცენტრ „ემპათიის“ ექიმები გამოდიან და საუბრობენ მხოლოდ იმაზე, რაც მათ აწყობთ, თუმცა ეს დასკვნა არ არის გასაჯაროებული და კონფიდენციალურია. კარგი იქნება, თუ ეს დასკვნა გასაჯაროვდება და შეეძლება მსჯელობა საზოგადოებას, მათ შორის სამედიცინო საზოგადოებას, რომლის დაბნევასაც ცდილობენ“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ. მას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა შემდეგი კითხვა დაუსვა: „თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვთ დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს. მესმის პერსონალური მონაცემებია, მაგრამ შეფასება თუ არის გაკეთებული დარგის სპეციალისტების მხრიდან?!“.