რატი ბრეგაძე სააკაშვილზე - თუკი სახელმწიფო ვინმეს უმალავს ან აწამებს ამ ადამიანს, ამდენ ვიზიტორს შეუშვებდნენ?

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თვითდაზიანების რეჟიმი დაიწყო, რადგან „შერჩევით იღებდა მედიკამენტებს და მიირთმევდა მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას სურდა".

როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ამის მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, რომ ეს შემდგომში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

„ხშირად გვესმის ბრალდება, რომ სახელმწიფომ მისთვის არაფერი გააკეთა, კიდევ ერთხელ განვმეორდები, ეს ადამიანი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოდიოდა, ეს იყო არაკონსტიტუციური გზებით ხელისუფლების მოპოვება, თუმცა ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელთა გამართული მუშაობის შედეგად, სახელმწიფომ მოსახლეობას აარიდა ძალიან მძიმე განსაცდელი, რაც ამ ხალხს უნდოდა, თუმცა, არ გამოუვიდათ. მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა ნომერ 12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ყოველთვის უტარდებოდა დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. მან დაიწყო თვითდაზიანების რეჟიმი და ეს იყო შიმშილობის გამოცხადება. სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენ ეს ხალხის თითქოს მორალზე გველაპარაკება, ეს ხალხი იყო სწორედ ვინც მას მოუწოდებდა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეეწყვიტა შიმშილობა. ეუბნებოდნენ, რომ ეს პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი იქნებოდა. ახლა ამ მორალზე გველაპარაკებიან? სრულიად გაუგონარია. როდესაც მან შიმშილობა გამოაცხადა, ყველა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებდა სპეციალური პენიტენციური სამსახური და სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

მისი განმარტებით, დღეს მიხეილ სააკაშვილი იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს.

„მას დანიშნული ჰქონდა მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე უნდა მიეღო საკვები და გასულიყო სასეირნოდ, თუმცა, იგი მხოლოდ შერჩევით იღებდა მედიკამენტებს, ასევე იღებდა მხოლოდ იმ საკვებს, რომელიც მას სურდა იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო და ეს შემდგომში პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. ამის შემდგომ შევთავაზეთ, რომ გადასულიყო კლინიკა „ვივამედში“, რომელიც სამოქალაქო სექტორის კლინიკას წარმოადგენს, გარკვეული რისკები, რომელიც შესაძლოა წარმოშობილიყო მისი ქცევებიდან გამომდინარე, ამის მინიმიზება მომხდარიყო, თუმცა, სანაცვლოდ გარკვეული წინაპირობები მივიღეთ, რომელსაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა სამედიცინო მომსახურებასთან. დღეს ის იმყოფება მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს. აი, ამას აკეთებს სახელმწიფო. გარდა ამისა, ჩატარდა ექსპერტიზა ცენტრ „ემპათიას“ მიერ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, მათ შორის უცხოელმა ექსპერტებმა. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათ შორის ამ ადამიანებსაც მიეღოთ მონაწილეობა, რომ სათქმელი არაფერი დარჩენილიყო“,-განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ასევე მიხეილ სააკაშვილს შესთავაზა, რომ ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოეყვანა მისთვის სასურველი ექიმი. რატი ბრეგაძის განმარტებით, სააკაშვილს 1500-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

„თუკი სახელმწიფო ვინმეს უმალავს ან აწამებს ამ ადამიანს, ამდენ ვიზიტორს შეუშვებდნენ? რა თქმა უნდა, ეს არის სრული აბსურდი და პასუხი არის-არა. რა მივიღეთ? სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო ძალიან ცუდი დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც მავანი ცდილობდა დაებრალებინა, თითქოს ის არის მწამებელი და ადამიანის უფლებების დამრღვევი“,-განაცხადა ბრეგაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა