ნიკოლოზ სამხარაძე - ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია - საქმის ასე დამთავრება ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა

ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა საქმე , - ასე პასუხობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე კითხვას, თუ როგორ შეაფასებს აგვისტოს ომზე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მის პრეზიდენტად არჩევამდე, ასევე როგორ აფასებს ივანიშვილის განცხადებას, რომ მას არ სჯერა და ვერ იჯერებს, "რომ პუტინს უნდა მეზობელი ქვეყნების დაპყრობა და ოკუპაცია".

მისივე თქმით, ნათელია, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია და რას გულისხმობდა სალომე ზურაბიშვილი, ეს ჟურნალისტებმა მას უნდა ჰკითხონ.

"მე არ მახსოვს ივანიშვილის განცხადება, არ ვიცი, რომელ განცხადებაზე ამბობთ, რომელი წლის განცხადებაა. რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებას, ეს შეგიძლიათ მას ჰკითხოთ, რას გულისხმობდა.

კი ბატონო, ის იყო პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა მაშინ "ქართულმა ოცნებამ". მე არ მახსოვს ის სიტყვა-სიტყვით რას ამბობდა, მაგრამ ჩემთვის ნათელია ერთი რამ, რომ საქართველოს ეს ომი არ დაუწყია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, აქედან გამომდინარე შედეგით, ჩვენ უნდა მოვიგოთ ყველა საქმე მომდევნო სასამართლოებში, სადაც კი გაიმართება", - განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, ის გადაწყვეტილება, რაც ჰააგის სასამართლომ მიიღო, "ქართული ოცნების" დამსახურებაა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლოსი, რომელმაც სამი ადამიანი გაასამართლა 2008 წლის ომში საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილო ომის დანაშაულების გამო. ასევე მინდა ყველას შევახსენო, მათ შორის, ჩვენს ძვირფას ოპოზიციას, რომ ეს საქმე და ამ საქმის ასე დამთავრება, არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობა "ქართული ოცნების" პირობებში მოხდა. ყველას მინდა შევახსენო ის ისტერიკა, რომელსაც ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ეწეოდნენ მაშინ, როცა გამოძიება მიმდინარეობდა და აბსურდულ, დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებდნენ, თითქოს "ქართული ოცნება" მუშაობს იმაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან, რომ საკუთარი ჯარისკაცები "გაწიროს". ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რამდენად მტრულად ექცევიან ისინი საკუთარ სახელმწიფოს და კიდევ ერთი დადასტურება, როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლება, რომ 2008 წლის დანაშაულები ბოლომდე იქნას გამოძიებული", - განაცხადა სამხარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა