მადლობა ბიოგრაფიისათვის - ჰო, კარგი იყო დისერტაციის წერა, ახლა დადგებით და იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი რისკის ქვეშ დავაყენეთ, თითის ქნევით დაუწყებთ ლაპარაკს, რადგან გგონიათ, რომ თანამდებობა ამის უფლებას გაძლევთ, - ასე მიმართა “ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს.
როგორც ნაცვლიშვილმა ამ კონტექსტში პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რატი ბრეგაძის მიერ გადაცემული ბიოგრაფიის სახით, მას აქვს წერილობითი მტკიცებულება იმისა, რომ წინა ხელისუფლების ცხრა წლის განმავლობაში ბრეგაძეს ადამიანის უფლებების დასაცავად სასამართლოში არცერთი საქმე არ უწარმოებია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არც ერთი დაზარალებულის ინტერესი არ დაუცვია და მძიმე უფლებადარღვევის ფაქტების წინააღმდეგ არცერთგან, არსად, არანაირი პროტესტი არ გამოუხატავს.
“კარგია დისერტაციის წერა - შემოგვხმიანებოდით, ძალიან გვიჭირდა მაშინ კადრები, ვინც ადამიანის უფლებების დაცვას ბედავდა, რაღაცაში დაგიხმარდით და თქვენს დისერტაციას სამართალწარმოებაში ჩავრთავდით და გამოვიყენებდით.
ჰო, კარგი იყო დისერტაციის წერა, ახლა დადგებით და აქ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი რისკის ქვეშ დავაყენეთ, თითის ქნევით დაუწყებთ ლაპარაკს, რადგან გგონიათ, რომ თანამდებობა მაგის უფლებას გაძლევთ. თქვენი წინამორბედის წინამორბედს - ამ ქვეყნის ძალიან ძლევამოსილი იუსტიციის მინისტრი და თან მთავარი პროკურორი რომ იყო, არასდროს ეგონა ასეთ დღეში თუ ჩავარდებოდა, მაგრამ ათი წელია ქვეყანაში ვერ ბრუნდება. რა ვიცი, გაითვალისწინეთ - ისტორია მტკივნეული რამ არის და ასეთ მტკივნეულ ამბებს ინახავს!“, - მიმართა ნაცვლიშვილმა რატი ბრეგაძეს.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს უსმენენ. ბრეგაძე პარლამენტში “მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.