The New York Times-ი ანა დოლიძეზე -  საქართველოში ჩნდება ახალი ფიგურა, რომელიც შეარყევს სტატუს კვოს

„საქართველოში ჩნდება ახალი ფიგურა, რომელიც შეარყევს სტატუს კვოს“ - ამის შესახებ The New York Times-ი პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის შესახებ წერს.

როგორც პარტია „ხალხისთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, The New York Times-ში აღნიშნულია, რომ „იმის გამო, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დროს საქართველოს პოლიტიკა "შეჩერებულია", ანა დოლიძე თავის ჯერს ელის“.

გამოცემა აღწერს ანა დოლიძის ბავშვობის ემოციას, როდესაც იგი, 1990-იანი წლებში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, გაცვლითი პროგრამით ჩავიდა აშშ-ში, კერძოდ, მანჩესტერში (ვერმონტის შტატი).

„პოსტსაბჭოთა წლებში საქართველო მძიმე პერიოდებს გადიოდა. თბილისში ელექტროენერგია და ცხელი წყალი თითქმის არ არსებობდა. პოლიტიკური ვითარება კი არასტაბილური და საშიში იყო. დოლიძე თავს იღბლიანად მიიჩნევს, რადგან შეძლო აშშ-ი სტიპენდიით წასვლა“, - წერს The New York Times.

"ამ მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება შეცვალა", - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.

ამერიკული გავლენიანი გამოცემის შეფასებით, ბოლო 18 თვის განმავლობაში, დოლიძე საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე მზარდი ფიგურა გახდა.

„2021 წლის მაისში მან დააარსა საკუთარი პარტია "ხალხისთვის" და გასულ თვეში ჩატარებულ ეროვნულ გამოკითხვაში, ქვეყნის მეოთხე ყველაზე "დადებით ფიგურად" დასახელდა - 40 პროცენტიანი რეიტინგით. პატივცემული, ერის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლის, საქართველოს პატრიარქის, 89 წლის ილია მეორეს შემდგომ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ანა დოლიძე უსწრებს ქვეყნის პირველ ქალ პრეზიდენტს, საფრანგეთში დაბადებულ სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნულია The New York Times-ის სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ როდესაც დოლიძე ვერმონტის საშუალო სკოლის სტუდენტი იყო, მეგობრები მას ეხუმრებოდნენ, რომ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ 2018 წელს ეს ტიტული ქალბატონმა ზურაბიშვილმა მიიღო.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მორიგი ეროვნული არჩევნების დადგომამდე ორი წლით ადრე, დოლიძე, როგორც ჩანს, აპირებს შეასრულოს ის პოლიტიკური დაპირება, რომელიც მოზარდმა დადო.

”ანა იყო ძალიან უჩვეულო ბავშვი, ზრდასრული, ორიენტირებული და ამბიციური. ყოველთვის ძალიან დაინტერესებული თავისი ქვეყნის ბედით“, - თქვა ჰელენ უაიტმა, საზოგადოების აქტივისტმა ვერმონტში, რომელიც დღემდე მისი მეგობარია.

ამასთან, The New York Times-ი ასახელებს ანა დოლიძის ხარისხების ნუსხას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდებში, ლეიდენის უნივერსიტეტი და დოქტორის ხარისხი კორნელის უნივერსიტეტიდან. მოგვიანებით, მან მიიღო გრანტი N.Y.U-სგან, პროგრამით, რომელიც განკუთვნილია მეცნიერთათვის, საშუალება მისცა ესწავლებინა სამართალი კანადის დასავლეთის უნივერსიტეტში.

გამოცემა აღნიშნავს იმასაც, რომ ანა დოლიძე იყო "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე და ახორციელებდა კამპანიას საქართველოში კანონის უზენაესობის აღსრულებისთვის.

”მე ყოველთვის მქონდა ცვლილების სურვილი. პოლიტიკით, ადვოკატირებით თუ კანონით. შინაგანად ბევრი წყენა და ბრაზი მქონდა“, - თქვა ანა დოლიძემ ინტერვიუში.

როგორც The New York Times-ი წერს, ანა დოლიძე ღიად აკრიტიკებდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა, 2013 წელს თანამდებობა დატოვა, იგი საქართველოში დაბრუნდა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე -2015 წელს.

„მას შემდეგ, ის მსახურობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად. ეს თანამდებობა მან დატოვა ზეწოლის შედეგად, მას შემდეგ რაც პირველად წამოიწყო პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც გასულ წელს უკვე პარტია გახდა. 2020 წლის ბოლო საპარლამენტო არჩევნებში იგი თბილისის ერთ-ერთ რაიონში დამოუკიდებლად იყრიდა კენჭს და ხმების 17,9 პროცენტი მოიპოვა. ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში კი ნახტომი, მისთვისაც მოულოდნელი იყო,“ - აღნიშნულია სტატიაში, სადაც ანა დოლიძე ამბობს - ”ეს არის აღიარების უზარმაზარი ნიშანი.”

მაღალ რეიტინგს ზოგიერთი დოლიძის სოციალურ მედიაში აქტიურობას უკავშირებს, სადაც იგი საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომლებიც ეხება საშუალო მოქალაქეების ცხოვრებას - ეს იქნება მინიმალური ხელფასი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თუ რუსების მასიური შემოსვლა საქართველოში, რათა თავი დააღწიონ უკრაინაში მიმდინარე ომს.

„როგორც 15 წლისა და 19 თვის ბავშვის დედა, ანა დოლიძე სხვა ქართველი მშობლების წუხილსაც ეხმაურება. როდესაც ახალგაზრდა გოგონა ცოტა ხნის წინ, გაუმართავი გაყვანილობის გამო ქალაქის შადრევანში ელექტროშოკით გარდაიცვალა, ქალბატონმა დოლიძემ ხმა აიმაღლა, დაგმო კორუფცია, რომელიც უხარისხო მშენებლობების საშუალებას იძლევა და ხელისუფლებას მკაცრი კონტროლისკენ მოუწოდა“.

The New York Times-ში აღნიშნულია - „ალბათ უფრო აქტუალურია, რომ ანა დოლიძეს განიხილავენ როგორც ახალ სახეს, ვინც არც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ მმართველ პარტიაში - „ქართულ ოცნებაში “ყოფილა ჩართული და არც სააკაშვილის პარტიაში, ყოფილი პრეზიდენტის, რომელიც მისი მიმდევრების მტკიცებით, პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს. მაისში, შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, იგი კერძო კლინიკაში გადაიყვანეს“.

„ეს დაპირისპირება დამახასიათებელია იმ პოლარიზაციისთვის, რომელმაც 1991 წელს, საბჭოთა კავშირის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველო გაყო. საქართველოს არ ჰყავს საკითხებზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიები, მას აქვს ქსელები, რომლებიც დაფუძნებულია ინდივიდებზე, რომლებიც ხელისუფლებაში მოსვლისას ასუფთავებენ ყველაფერს, რაც წარსულში გაკეთდა“ - The New York Times-ი თომას დე ვაალის - ექსპერტი საქართველოსა და კავკასიის საკითხებში Carnegie Europe-ში, ანალიტიკოსთა ცენტრი ბრიუსელში, მოსაზრებას აქვეყნებს.

თომას დე ვაალის მოსაზრებითვე - „ამ კონტექსტში დოლიძე პოტენციურ „მესამე ძალად“ გვევლინება. ის ქალია, ახალგაზრდაა და ცდილობს, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე არ იფიქროს. ის არ ესხმის თავის ოპონენტებს, არ საუბრობს პატრიოტული ლოზუნგებით, არამედ საუბრობს რეალურ საკითხებზე“.

„ქართული ოცნების მთავრობა მიზანმიმართულად ამახვილებს ყურადღებას ბატონ სააკაშვილზე და მის ჯანმრთელობაზე, რათა ყურადღება გადაიტანოს უფრო აქტუალური, სოციალური და ეკონომიკური საკითხებიდან. ჩვენ სერიოზული ფასი გადავიხადეთ ამ დიქოტომიისთვის. ორი ჯგუფისა და ორი ლიდერის მტრობაზე ფოკუსირება მთავრობის სასარგებლოდ მუშაობდა. ეს მათ საშუალებას აძლევს მართონ ქვეყანა სიძულვილით და არა საკუთარი შესრულებული საქმის მაჩვენებლებით’’, - განაცხადა ანა დოლიძემ ინტერვიუში. ამერიკული გამოცემა თბილისში მცხოვრები კულტურული ანთროპოლოგი ეკატერინე დიასამიძის მოსაზრებასაც ეხება: „დღევანდელი შედეგი არის ერთგვარი ნიჰილიზმი, რის გამოც წინ ვერ წავალთ. ხალხს აქვს დამოკიდებულება, რომ არაფერი შეიცვლება, რაც ნამდვილად კლავს პროგრესს.”

The New York Times-ი სტატიაში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასაც ეხება: „რუსეთ-უკრაინის ომი ქართულ პოლიტიკაში ძალიან სახიფათოა. 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრით, ქვეყანა ჯერ კიდევ ტრავმირებულია, რამაც მათი ტერიტორიის 20 პროცენტის დაკარგვა გამოიწვია. ქართველები პრაქტიკულად გაერთიანებულნი არიან თავიანთი გიგანტური მეზობლის მიმართ უნდობლობაში. 2022 წელს ნოემბერში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის რეიტინგებში გამოკითხულთა 89 პროცენტმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხეა, გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა კი მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს.

ბოლო 10 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი რუსი, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში ომს და სურთ თავის ააცილონ გაწვევას, საქართველოში გადმოსახლდნენ, რომელიც 3.7 მილიონიანი ქვეყანაა. სულ მცირე ორჯერ მეტმა რუსეთის მოქალაქემ გაიარა ქვეყანაში და ისარგებლა საქართველოს ხელისუფლების გულუხვი სავიზო პოლიტიკით, რომელსაც დოლიძე დაუპირისპირდა. თუმცა მის მცდელობას, დაეწესებინა გარკვეული კონტროლი იმაზე, თუ ვინ შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და რამდენ ხანს დარჩეს იქ, შედეგი არ მოჰყოლია, „ქართული ოცნების“ მთავრობა დუმილით შეხვდა, რადგან იგი შეგნებულად ინარჩუნებს ამბივალენტურ პოზიციას რუსეთის მიმართ. მთავრობამ ხმა მისცა გაეროში რუსეთის აგრესიას, მაგრამ სამშობლოში იგი გულმოდგინედ გაურბოდა მოსკოვის კრიტიკას, მაშინაც კი, როცა ათიათასობით ქართველი უკრაინის მხარდასაჭერად დემონსტრაციაზე გავიდა“.

The New York Times-ის სტატიის დასასრულს ანა დოლიძე აღნიშნავს: „ქართული პოლიტიკა შეჩერებულია უკრაინის ომის დასრულებამდე. ხალხი ელოდება სივრცეს, რათა გამოთქვას საკუთარი უკმაყოფილება - სოციალურ, ეკონომიკურ, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ სიმშვიდეში ქარიშხლის წინ", - ასეთია პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის პოზიცია.

ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს