ფრიდონ ინჯია გავლენის შესახებ კანონზე  - ითქვა, რომ რბილია, თუ აშშ-ში მსგავსი კანონია, ზუსტად ისეთი მივიღოთ, კვლავ კოჰაბიტაცია მიდის? რას ვეფერებით?

უკვე რამდენიმეჯერ ითქვა, ძალიან რბილი კანონიაო, რატომ არის რბილი კანონი?! თუ აშშ-ში ამის მსგავსი კანონია და ის წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომელიც მსოფლიოსთვის მისაბაძი და მონსტრია, ზუსტად ისეთი კანონი მივიღოთ! რა, კვლავ კოჰაბიტაცია მიდის?! რას ვეფერებით?! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ გააკეთა.

როგორც ინჯიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, “თუ სახელმწიფო ინტერესებია, ის ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი და არა ნახევრად, რადგან ნახევრად გაკეთებული საქმე არაფრად ვარგა“.

ინჯიას თქმით, ჯერ კიდევ 23 ივნისს, როდესაც პრემიერ-მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით კანონის მიღების წინადადებით მიმართა.

“იყო მთელი რიგი ჩამონათვალი. სხვათა შორის, რაც მაშინ ვთქვი, ამ კანონპროექტში ასახული არ არის - ალბათ პირველი და მეორე მოსმენის შემდეგ გათვალისწინებული იქნება. არასამთავრობო ორგანიზაციები, სადაც დაფინანსების 88 მლნ მარტო აშშ-დან მოდიოდა, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ - ისინი გვევლინებოდნენ როგორც პოლიტიკური პარტია. როგორც პოლიტიკურ პარტიებს, უკვე სტრუქტურები ჰქონდათ შექმნილი. ამიტომ ჯერ კიდევ 23 ივნისს მიმაჩნდა და მთავრობას, უმრავლესობას ვთხოვე, რომ შესაბამისი კანონი მიეღოთ, რომელიც ყველაფერ ამას თავის ჩარჩოებში ჩასვამდა. საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ სხვადასხვა ორგანიზაციას ვაფინანსებთ - იქნება სახელმწიფო თუ სხვა ორგანიზაცია. ახლა გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სხვა სახელმწიფო აფინანსებს. რატომ აფინანსებს? - მათ ინტერესებში შედის საკითხები, რომლებსაც ისინი ახმოვანებენ. მაინტერესებს, რამდენად ემთხვევა სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესი ჩემი ქვეყნის ინტერესებს? თუ ეს ერთია, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ დააფინანსოს ის. გვაინტერესებს, თუ მთლიანად ან 80-90%-ს უცხო ქვეყანა უხდის ორგანიზაციას, რომელიც დღეს აქ მუშაობს, რა ქვეყანაა და შემდეგ გადავხედავთ, რა ინტერესი აქვს იმ ქვეყანას საქართველოს მიმართ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

არასამთვარობო ორგანიზაციები 30 წლის განმავლობაში აკეთებდნენ იმას, რაც უნდოდათ, ლამის მინისტრებს ნიშნავდნენ, სახალხო დამცველს და მრავალ სხვას... საკმარისია! თუ გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს, საქართველოს ინტერესები ყველა კანონში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე რომ, ვინც ეს კანონპროექტი შემოიტანა, კარგი იქნებოდა, გადაეხედა იმისთვის, რაც მე 23 ივნისს ჩამონათვალში მქონდა გაკეთებული. გავიდა რვა თვე და მოვიდნენ აზრზე, რომ ეს საჭირო ყოფილა. ნამდვილად საჭიროა!“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ ბიუროს სხდომაზე.

ინჯიას “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა და მიმართა, რომ მის მიერ წინადადების დაყენებამდე, ჯერ კიდევ 1923 წელს თქვეს, რომ დასავლეთის დამანგრეველი გავლენა უნდა შეზღუდულიყო და ქვეყანამ ასეთ რეალობაში ძალიან დიდი ხანი იცხოვრა.

“ეს ყველაფერი 1923 წელს ითქვა და აშენდა რკინის ფარდა, სადაც საქართველოც იყოს - ე მანდ, ვიღაცამ დასავლეთიდან რაიმე არ გვითხრას“, - მიმართა უსუფაშვილმა ფრიდონ ინჯიას.

უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი “უცხოური ძალების“ მიერ ფინანსდება.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის საკითხს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო