გამჭვირვალობისთვის საჭირო არ არის ვინმესთვის აგენტის იარლიყის მიკერება - თუ ვინმე ამ ქვეყანაში აგენტია და უცხო ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს, ესაა „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები, ჯაბა იოსელიანის და კიტოვანის შემდეგ ასეთი ანტიქართული ხელისუფლება არ გვყოლია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში რეგისტრირებული კანონის პროექტი რუსული კანონის ასლია და „ქართული ოცნების“ ლიდერები რუსულ რიტორიკას იყენებენ.
„ქართული ოცნება“ ანტიქართული, ანტიეროვნული ანტიდასავლური ძალაა, რასაც ყოველდღიურად ადასტურებს და ერთ-ერთი გამოვლინებაა ამ არადემოკრატიული, ვითომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მიზნად ისახავს ყველა იმ ადამიანის სტიგმატიზებას, რომელიც დაკავშირებულია დასავლურ ღირებულებასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, კანონის უზენაესობასთან. სიტყვა-სიტყვით პუტინის არგუმენტაცია აქვთ კოპირებული, რომ სადაზღვევო აგენტი არ ნიშნავს ცუდს და კარგია“, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.