გიორგი ბადრიძე - „ქართული  ოცნების“ სახით რუსეთმა საქართველოში ჩაგვისვა „ტროას ცხენი“ - ეს არის პირდაპირ რუსული აგენტურა

„ქართული ოცნების“ სახით რუსეთმა საქართველოში ჩაგვისვა ტროას ცხენი - ეს არის პირდაპირ რუსული აგენტურა, რომელიც ახლა ღიად გადავიდა ყველაფერი დასავლურის, დემოკრატიულის, თავისუფალი საქართველოს ინტერესების მიმართ შეტევაზე ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, დღეს ყველაზე მეტი ყურადღება უნდა იყოს მიმართული „ხალხის ძალის“ მიერ დაინიცირებული კანონპროექტისკენ, რადგან დღეს პრაქტიკულად რუსული აგენტურა ცდილობს მოუსპოს ფინანსური დახმარება იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ გარკვეულ დახმარებას დემოკრატიული სახელმწიფოებისგან.

„მედიის ყველაზე მწვავე კითხვები უნდა იყოს იმ კანონპროექტზე, რომელზეც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ თქვა, რომ მხარს დაუჭერს. არ უნდა იყოს არანაირი ილუზია, ეს არ არის არანაირი ამერიკული პროექტის ინტერპრეტაცია, ეს არის პირდაპირ რუსული პროექტი. რუსეთმა პირველმა გააკეთა პარალელი 30-იანი წლების ამერიკასთან, კანონთან, რომელიც მიმართული იყო ნაცისტური აგენტურის გამოვლენისკენ. დღეს პრაქტიკულად რუსული აგენტურა ცდილობს მოუსპოს ფინანსური დახმარება იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ გარკვეულ დახმარებას დემოკრატიული სახელმწიფოებისგან, რომელთა ერთადერთი მიზანი ყოველთვის იყო საქართველოში დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის გაძლიერება“,- განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

მისივე შეფასებით, ეს არის არსებული ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული რეალური ბუნების გამოვლენა.

„ეს არის ამ ხელისუფლების და რეალურად კი ბიძინა ივანიშვილის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული რეალური ბუნების უფრო და უფრო გამოვლენა, რომლის მმართველობის ბუნებრივი ინტერესები პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას, თავისუფალ სასამართლოს, კანონის უზენაესობასა და საბოლოო ჯამში, საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში. რადგან ეს დამყარებულია აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ტოტალურ კონტროლზე, რაც ვერ შენარჩუნდება ოდნავ მაინც დემოკრატიული სისტემის პირობებში, გამჭვირვალე მმართველობის, კანონის უზენაესობის პირობებში. რაციონალურად მოქმედებს ეს აქტორი, მაგრამ მოქმედებს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესების საზიანოდ და მხოლოდ საკუთარ ინტერესებში, რადგან მას თუნდაც მომავალი არჩევნების მოგება დაუჯდებოდა ბევრად უფრო ძვირი თუკი დემოკრატიული ველი გახდებოდა უფრო თანაბარი, თუკი მას არ ექნება ის ტოტალური კონტროლი, რომელიც დღეს აქვს“, - განაცხადა ბადრიძემ.

კითხვაზე, რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, როდესაც იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც სენატორები და ევროპელი პარტნიორები ნეგატიურად აფასებენ, გიორგი ბადრიძემ ორი ფაქტორი გამოყო.

„პირველი ეს არის განცდა, რომ ივანიშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება, რომელიც არის დიდი ნაწილი ქართული საზოგადოების, არის ბევრად უფრო დემოკრატიული, ბევრად უფრო ნაკლებად რადიკალური და ბევრად უფრო ნაკლებად დესტრუქციული, ვიდრე ოპოზიცია, რომელიც ჰყავდა წინა ხელისუფლებას. მეორე და შეიძლება უფრო ფუნდამენტური, ეს არის მცდარი განცდა იმაზე, რომ რუსეთი იმარჯვებს, რომ რუსეთის ორბიტაზე დარჩენა არის მისთვის უსაფრთხოების გარანტია. რატომ არის მცდარი? რადგან თავად რუსეთი აღმოჩნდა მცდარი გათვლების მსხვერპლი. პუტინი ანგრევს რუსეთს და ანგრევს ზუსტად იმ დიდი შეცდომის შედეგად, რომელიც მან დაუშვა უკვე მეორედ“,- განაცხადა გიორგი ბადრიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა