არმაზ ახვლედიანი - საუკუნის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა - „ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს!“ - მაქვს განცდა, რომ ტრაგედია მეორდება

საუკუნის წინ კონსტანტინე გამსახურდიამ თქვა - „ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს!“ - მაქვს განცდა, რომ ტრაგედია მეორდება, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახვლედიანმა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა, თუ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და „მავნებლურ, დამღუპველ ექსპერიმენტს არ შეეშვებიან“, პროტესტის უკიდურესი ფორმის გარდა გამოსავალი არ დარჩება.

„საუკუნის წინ, საქართველოში მართლაც საუკუნის ტრაგედია დატრიალდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ათქმევინებდა კოლაუ ნადირაძეს ამ სიტყვებს - „თოვდა და თბილისს ებურა თალხი, დუმდა სიონი და დუმდა ხალხი“. მაგრამ რა საოცრებაა, რომ 25 თებერვლამდე რამდენიმე დღით ადრე კონსტანტინე გამსახურდიამ, 18 თებერვალს თქვა ასეთი სიტყვები - „ქართველო ერო! გარეწართა გროშზე გაგყიდეს! სჯობს მტრად მოსულმა, ჩვენ ცხედრებზე გადაიაროს, ვიდრე სამშობლოს ვერაგულად თვალებს დასთხრიდეს“. მაქვს განცდა, რომ ერთი საუკუნის შემდეგ, ტრაგედია მეორდება. ეს არის საუკუნის ტრაგედია, როდესაც დღევანდელი მმართველობის მეცადინეობით, ფაქტობრივად ვკარგავთ სანუკვარს - ვკარგავთ ევროპულ პერსპექტივას. ვინც მზად ხართ, ამას ხელი მოაწეროთ, ეს თქვენი არჩევანია, ვინც მზად ხართ, საქართველოში საბოლოოდ დამკვიდრდეს რუსული ჩექმა, კრემლმა იპარპაშოს და ამოიძირკვოს ყველაფერი ნორმალური ჩვენთან და ჩვენგან, ეს თქვენი პირადი არჩევანია. მინდა, საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდო, ყველას, ვისთვისაც საქართველოს მომავალი სულ ერთი არ არის, მომავალი, რომელიც ახლა იჭედება - არ დაუშვათ საქართველოს დღევანდელი მმართველი ძალის მიერ საქართველოს ჩაბარება იმ გავლენის სფეროსთვის, რომელიც, რა თქმა უნდა, არასდროს ისურვებს ჩვენთვის ნორმალურ მომავალს, არასდროს ისურვებს სამართლიან, სამართლებრივ სახელმწიფოს, დემოკრატიულ პერსპექტივას, ნორმალურ არჩევნებს. ყველა ნაბიჯი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გადაიდგა და გაცხადდა თქვენ მიერ, სწორედ ამ მიზნისკენაა, აღარაფერია დაფარული. ვფიქრობ, ყველაფერი გაცხადდა. საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით აიძულებთ ქართველ ხალხს, გამოვიდეს და თქვას - არა, შეუძლებელია, რომ ამას შევეგუოთ, შეუძლებელია, საქართველოს ჩაბარებას, განადგურებას შევეგუოთ.

არაფერი რჩება, თუ არა პროტესტის უკიდურესი ფორმა, თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომ შეეშვათ ამ მავნებლურ, დამღუპველ ექსპერიმენტს, რომელსაც განსაკუთრებით ახლა შეუდექით. საქართველოს სხვა პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არც თქვენ და არც ჩვენ დაგვიწესებია, ეს ჩვენი წინაპრების, ყველა მომდევნო თაობის არჩევანია. ვინ მოგცათ უფლება, რომ საქართველოს მომავალს ეთამაშოთ? იცოდეთ, რომ გგონიათ ხალხი მიძინებულია, ასე არაა. ყველაფერი იმაზე ცუდად დასრულდება, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლიათ“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა