დიმიტრი ხუნდაძე - ვიხილეთ ყველაზე უსამართლო არაევროპული ევროპა

იმ დროს, როდესაც ქართველი ხალხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ვიხილეთ ყველაზე უსამართლო არაევროპული ევროპა. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები იმედით შეჰყურებენ ევროპულ პერსპექტივას, ამ დროს ევროპელი დეპუტატები ანადგურებენ მათ იმედებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი თავისი დაარსების დღიდან პირველად დადგა ასეთი გამოცდის წინაშე და პირველადვე ვერ გაუძლო.

ხუნდაძის განცხადებით, „ეს უფრო ღრმა დეპრესიას ჰგავს, რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთულია, თუმცა შესაძლებელია“.

„მინდა მჯეროდეს, რომ ევროპა შეძლებს ძველი ღირებულებების დაბრუნებას და სხვა სახელმწიფოებთან სამართლიანობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მათგან მოუწევს თავის დაცვა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

მისივე თქმით, „ის, რომ რთული ვითარებაა მთელ მსოფლიოში, სადავო აღარავისთვის არის“.

„სულ ახლახან პანდემიამ გატესტა მსოფლიო, ახლა ჩვენ ვდგავართ ომისა და მშვიდობის ტესტის წინაშე. ის, რომ ოკუპაცია, აგრესია, სამხედრო ინტერვენცია მიუღებელია, ვთანხმდებით ყველა. მშვიდობას რომ ალტერნატივა არ აქვს, მიუნხენის კონფერენციაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა და მისმა განაცხადმა ყური მოსჭრა ბევრს - ქვეყნის გარეთ, თუ ქვეყნის შიგნით. მაგრამ მერწმუნეთ სულ ცოტა ხანში სხვა ლიდერებიც მივლენ იმ დასკვნამდე, რომ შეიარაღებაზე ზრუნვას, მშვიდობის უზრუნველსაყოფად თითოეულის შენატანი სჯობს. ამ ომმა ნათლად აჩვენა წარსული შეცდომებიც და რეალური ზრახვებიც შიგნით თუ გარეთ. ვის რისი მიზანი აქვს და ვინ რისთვის იბრძვის, ვინ ვის რისთვის სჭირდება და ვინ ვისთვის რას იმეტებს, ზედაპირზე დევს. 2008 წელს მოჰყვა 2014, დასავლეთმა ესეც გაატარა და დღეს მთელი უკრაინა კვამლშია გახვეული“, - განაცხადა ხუნდაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, „ნატო-შიც და ევროკავშირშიც ღიაა კარები, მაგრამ ჩვენ ისევ კარებს მიღმა ვდგავართ“.

„ამ ლოდინში კი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და დროებით, მაგრამ დავკარგეთ. მაშინაც ვიომეთ, მაგრამ არავისთვის არ გვითხოვია ჩვენს ომში ჩართვა, არც სანქციებით მოუკლია თავი მსოფლიოს, მაგრამ დღეს გვთხოვენ ომსაც და სანქციებსაც. თუ დღეს კიდევ ვინმე დასვამს კითხვას ვინ გვთხოვს, ნუ, მაშინ საქმე კიდევ უარესად ყოფილა, ვიდრე გვგონია“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი თურმე დემოკრატიის შუქურაა, ბიძინა ივანიშვილის თანხები კი უნდა დაიბლოკოს, რადგან მან საკუთარ ქვეყანაში მეტი ქველმოქმედების განხორციელება ვერ შეძლოს.

„12-პუნქტიანი დავალების შესრულება დაგვაკისრეს და რადგან სამ კანდიდატს შორის ყველაზე უკეთ შევასრულეთ ეს დავალება, მას მოყვა ულტიმატუმი - ლაკმუსის ქაღალდი თურმე მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ვენდეტას მსხვერპლი ყოფილა და მეტი ბრალი თითქოს მას არ აქვს. ამას გვეუბნება არც მეტი და არც ნაკლები ევროპარლამენტი, სადაც ჯერ არანაკლებ 6 პარლამენტარს კორუფციის ბრალდება აქვს წაყენებული. ორზე ძიება მიმდინარეობს და ევროკომისიის პრეზიდენტზეც მათ აქვთ სერიოზული კითხვები, მისი წევრები კი გვეუბნებიან: ითამაშე ჩვენი თამაში, თორემ კარები დაიხურება თქვენთვისო. მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ბევრის სიცოცხლის ვალი აქვს, თურმე დემოკრატიის შუქურაა და ბიძინა ივანიშვილის თანხები უნდა დაიბლოკოს, რომ მან მეტი ქველმოქმედება არ შეძლოს საკუთარ ქვეყანაში“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

გარდა ამისა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, რომ „საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თურმე რუსეთუმეობა ყოფილა, გამჭვირვალობა - დემოკრატიის საფრთხე“.

„იმას, რასაც დასავლეთი საკუთარი უსაფრთხოებისთვის დიდი ხანია იყენებს საქართველოსათვის, ეს კატეგორიულად მიუღებელი ყოფილა. მოკლედ, ომმა ყველაფერი ნათლად წარმოაჩინა - წარსულიც და დღევანდელობაც, მომავალი კი ბუნდოვანია. რუსეთი უფრო აგრესიულად, ევროპა კი დეპრესიულად გამოიყურება და შეცდომაზე შეცდომას უშვებს. სამწუხაროა, რომ მსოფლიო და მათ შორის ევროპა გარკვეულ საკითხებში არა განვითარების გზით, არამედ დაღმასვლით მიდის. ორმაგი სტანდარტები ყოველდღიური მოხმარების იარაღად იქცა, უფრო მტკივნეულია ის ფაქტი, რომ ეს ეხება ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატიული პრინციპები“, - დასძინა ხუნდაძემ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა