ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, სხვის გრანტებს სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის რისკი, რომელიც შეიძლება ნებისმიერი წყაროდან მოდიოდეს და სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი ამოძრავებდეს

სახელმწიფო იღებს ისეთ გრანტს, რომელიც ემსახურება ქვეყნის ინტერესებს, სხვის გრანტებს სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის რისკი - რისკი შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერი წყაროდან, შეიძლება იყოს სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე ამბობს, რომ იქ, სადაც სახელმწიფო ვერ ფილტრავს გრანტებს, არის რისკი იმის, რომ "ვიღაცამ უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენოს" და დასძენს, რომ კეთილშობილურ და არაკეთილშობილურ მიზნებს ამ კანონით სახელმწიფო არ ასხვავებს და ის საზოგადოებამ უნდა განასხვაოს.

„მთლიანობაში 100 მილიონ დოლარზე ნაკლებს შეადგენს ის გრანტები, რომელსაც სხვადასხვა საერთაშორისო წყაროდან იღებს სახელმწიფო, რაც ალბათ, ბიუჯეტის ერთ პროცენტზე ნაკლებია. არავითარი არსებითი წყარო სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ის არ არის. რაც შეეხება კანონპროექტს, იქ 20% ზღვარია ჩადებული, ამითაც განსხვავდება ის ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან, სადაც ნული ცენტიდან და ან შესაბამისად, ლაკას ტერმინებით რომ ვისაუბროთ, ნული რუბლიდან იწყება კონკრეტული სუბიექტის გამოცხადება აგენტად. აქ საუბარია იმაზე, რომ როგორც ბიუჯეტია გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ასე უნდა იყოს გამჭვირვალე ინფორმაცია ნებისმიერ უცხოურ დაფინანსებაზე, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს კეთილშობილურ მიზნებს, ან შეიძლება არ ემსახურებოდეს, ამას სახელმწიფო ერთმანეთისგან არ არჩევს, ეს ვინც უნდა გაარჩიოს ერთმანეთისგან, არის ქართული საზოგადოება. სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტებს და მისთვის მისაღებია მხოლოდ ის გრანტი, რომელიც მიზნად ისახავს კეთილშობილური გავლენის რეალიზებას საქართველოში, მაგალითად, პირობითად, გრანტი, რომელიც ითვალისწინებს ბორჯომ-ხარაგაულის ტყე- პარკის აღდგენას. იქ სახელმწიფო თვითონ ფილტრავს გრანტს და იღებს ისეთს, რომელიც ემსახურება ქვეყნის და მისი მოსახლეობის ინტერესებს, რაც შეეხება სხვა გრანტებს, იქ სახელმწიფო ვერ ფილტრავს და არის რისკი იმის, რომ ვიღაცამ შეიძლება უცხოური გავლენა არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენოს. თეორიულად ეს რისკი შეიძლება მოდიოდეს ნებისმიერი წყაროდან, კანონი ამას ხომ ვერ ჩაწერს - დასავლეთს, ჩრდილოეთს, სამხრეთს და აღმოსავლეთს. შეიძლება იყოს სახელმწიფო, რომელსაც მტრული მიზნები არ აქვს გამოცხადებული, არ აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, მაგრამ მასაც შეიძლება ამოძრავებდეს სუვერენიტეტში შეჭრის ინტერესი,"- განაცხადა კობახიძემ. ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა