„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება კი არა, უმრავლესობის დონეზე მნიშვნელოვანი განხილვაც კი ევროპასთან დაგვაცილებს. არავინ არ არის სულელი და ყველა ხვდება, რომ ეს კანონი საფრთხედ დასავლეთს მიიჩნევს, - ამის შესახებ უსაფრთხოების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გოცირიძის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი ინიცირებულია იმისთვის, რომ საქართველოში დასავლური გავლენა დაარეგულიროს.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კანონპროექტის ინიცირება, მას შემდეგ, რაც საფრთხე იგრძნო არასამთავრობო სექტორიდან.
„ხელისუფლების პოლიტიკური მოტივი იყო, როდესაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი შემოიტანა. ხელისუფლებას იმიტომ ვამბობ, რომ ეს არ არის მარგინალური ჯგუფი, საპარლამენტო უმრავლესობაა, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. თუ ეს არის ქართველი ხალხის უმრავლესობის ნება, მაშინ საკამათოა ჩვენი ევროატლანიკური ასპირაცია.
ამ კანონის ინიცირებით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს საფრთხე ელის დასავლეთისგან. თუ კონტექსტს ავიღებთ, ეს კანონი ინიცირებულია მხოლოდ, იმიტომ რომ დასავლური გავლენა დაარეგულიროს საქართველოში. ეს გაცხადებული მიზანია. „ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ ეს კანონი შემოაქვთ, იმიტომ, რომ საქართველოში არსებობს დასავლური გავლენები.
ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ კანონის ინიცირება, მას შემდეგ რაც საფრთხე იგრძნო არასამთავრობო სექტორიდან. განვიხილოთ არასამთავრობო სექტორის დამფინანსებლები ვინ არიან: აშშ-ის მთავრობა USAID-ის სახით, ევროკავშირის გრანტები კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით და ა.შ.“,- განაცხადა გოცირიძემ.
უსაფრთხოების სპეციალისტის განმარტებით, დასავლური კანონი არეგულირებს მხოლოდ იმ იურიდიულ პირებთან ურთიერთობას, რომლებიც აშშ-ში არიან, როგორც საზღვარგარეთული ორგანიზაციების ფილიალები.
„ეს იმას ნიშნავს, რომ რუსულ და ჩინურ ორგანიზაციებს აქვთ ფილიალი აშშ-ში და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ამ ქვეყნისთვის.
ამის საპირისპიროდ რუსული კანონმდებლობა, მისი დაფარვის ზონა არის ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დაფინანსებას იღებს დასავლური ორგანიზაციისგან“, - აღნიშნა გოცირიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის პოლიტიკური მიზანია, ნება დართული გახდეს დასავლეთის მტრად აღქმა.
„აგენტი ჩვეულებრივ ტერმინოლოგიაში ნიშნავს პიროვნებას, რომელიც საკუთარ ნებას კი არ ახორციელებს, ახორციელებს დამკვეთის ნებას. გამოდის, რომ ჩვენი არასამთავრობო სექტორი, მედია საშუალებები და ყველა, ვინც დასავლურ გრანტს მიიღებს, არიან აგენტები. ეს, ერთი მხრივ, არის პოლიტიკური მიზანი, ნებადართული გახდეს დასავლეთის მტრად აღქმა, რაც ნონსენსია. დასავლური გრანტებისა და დაფინანსების ყველაზე მსხვილი მომხმარებელი არის საქართველოს მთავრობა. ეს გრანტები პირდაპირ აღირიცხება შემოსავლების სამსახურში.
ამ კანონის მიღება კი არა უმრავლესობის დონეზე მნიშვნელოვანი განხილვაც კი ევროპასთან დაგვაცილებს. არავინ არ არის სულელი და ყველა ხვდება, რომ ეს კანონი საფრთხედ დასავლეთს მიიჩნევს. როგორც კი ამ კანონს მიიღებენ, საერთაშორისო სასამართლო მაშინვე დაბლოკავს, ისევ როგორც უნგრეთში. ამას ჩვენგან უფრო კონფრონტაციული რიტორიკა მოჰყვება და ამ კანონის ინიციატორები იტყვიან, რომ ახლა ევროპული სასამართლოა აგენტი, ან გლობალური ომის პარტია“, - განაცხადა გოცირიძემ.