ხელისუფლების პოლიტიკა ადეკვატურია - ბელარუსი არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს ისე როგორც რუსეთი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ქვეყანა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად საკმარისია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბელარუსში ასლან ბჟანიას ე.წ. ვიზიტთან დაკავშირებით და უნდა გადაიდგას თუ არა სხვა ნაბიჯებიც, როგორიცაა ელჩის გამოწვევა.
ვოლსკის თქმით, პოზიცია, რაც გამოიხატა, ქვეყნის ინტერესს შეესაბამება.
„ხელისუფლების პოლიტიკა ადეკვატურია, გამომდინარე იქიდან, რომ ვიცით ბელარუსის დამოკიდებულება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. იგი არ აღიარებს ამ ტერიტორიებს, ისე როგორც ვთქვათ, რუსეთი და მასთან დაკავშირებული რამდენიმე ქვეყანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავაფასოთ, შევაფასოთ საკმაოდ მწარედ და მწვავედ ის დამოკიდებულება რაც გამოიხატა ოფიციალური მინსკის მიერ არაღიარებული აფხაზეთის წარმომადგენლის მიღებაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე მხრივ არ შევაფასოთ ის დამოკიდებულება, რაც ბელარუსს გააჩნია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ“, - განაცხადა ვოლსკიმ.