მინდა მოვუწოდო ყველას, ნუ სპეკულირებთ ბატონი სააკაშვილის სიცოცხლითა და მისი ჯანმრთელობით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული შტაბების ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ ექიმების განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ხელისუფლებას ეკისრება.
„პირდაპირ პასუხისმგებლობის მოხსნა ხდება პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის და მისი სასიკვდილო განაჩენის შესახებ. მინდა „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, დღევანდელი განცხადებები არაფერია, თუ არა მცდელობა, სახელმწიფომ მოიხსნას პასუხისმგებლობა იმ რთულ მდგომარეობაზე, რომელიც გააჩნია. ქალბატონმა თამარ დავარაშვილმა დღეს გააკეთა კიდევ ერთხელ განცხადება და დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დინამიკა გაუარესებისკენ არის მიმართული და ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს რეანიმაციულ ან სასიკვდილო შედეგის დადგომას. მესამედ გაკეთდა განცხადება, რომ კლინიკა მეტს ვერაფერს გააკეთებს და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ. ქართულმა მედიცინამ მისი რესურსი ამოწურა და ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხისმგებლობის გადატანა ბატონი სააკაშვილის მიმართ-ეს არის სირცხვილი და არ გამოდგება სასამართლოში, არც უცხოურ სასამართლოში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, მიუხედავად ყველანაირი განცხადებებისა, მიუხედავად იმ უბადრუკი, შეურაცხმყოფელი და დამცინავი მდგომარეობისა, რომელიც დღეს საქართველოში არის, პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას და მოქმედ ხელისუფლებას. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი თავიდან ბოლომდე არის „ქართული ოცნების“ და ჩვენი სახელმწიფოს კისერზე. ეს აღნიშნული არის ყველა საერთაშორისო დასკვნაში. შემიძლია იგივე გავიმეორო და მოვუწოდო ყველას, ნუ სპეკულირებთ ბატონი სააკაშვილის სიცოცხლითა და მისი ჯანმრთელობით. რაც შეეხება დღევანდელ ბრიფინგს, მინდა ხაზი გავუსვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დღეს ბრიფინგი ვისი პირით ჩატარდა, ზუსტად იგივე შედეგს მივიღებდით, რომ დაეყენებინათ მაგალითად, დარაჯი ან ნებისმიერი დაწესებულების ღამის მორიგე, მათ პარტიული დავალება შეასრულეს“,-განაცხადა ჩალაძემ.