მაშინ, როცა ევროინტეგრაციასთან სრულიად შეუსაბამო პროექტია ინიცირებული პარლამენტში, კიდევ ერთხელ აუცილებელია, საზოგადოებამ დააფიქსიროს, რომ მათი ურყევი ნება არის ევროპული ინტეგრაცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" ხელმძღვანელმა ეკა ციმაკურიძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს გამოეხმაურა, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" შექმნას ითვალისწინებს.
მისი თქმით, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციასთან. ამასთან ერთად ის გამოეხმაურა ხვალ დაგეგმილ აქციასაც და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის მაღალი მხარდაჭერა საზოგადოებაში არაერთხელ დაფიქსირდა სხვადასხვა ფორმით.
„კანონპროექტი ხელს უშლის 12 პუნქტის პირობების შესრულებას და როგორც არასდროს ცხადი და ნათელია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ ყველა, ვისაც ეხება და არა მხოლოდ, ეს იქნება მედია, კერძო სექტორი, არასამთავრობო სექტორი თუ სხვა, ყველა უნდა შეეწინააღმდეგოს ამას.
ქართველმა ხალხმა უკვე არაერთხელ დააფიქსირა მყარი, ურყევი ნება, რომ მოხდეს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია და ეს მიზანი გაცხადებულია კონსტიტუციაში, ეს განცხადდა სხვადასხვა სოლიდარობის აქციაზე და ეს ჩანს გამოკითხვებითაც. მაშინ, როცა ასეთი სრულიად შეუსაბამო პროექტია ინიცირებული პარლამენტში, კიდევ აუცილებელია საზოგადოებამ დააფიქსიროს, რომ მათი ურყევი ნება არის ევროპული ინტეგრაცია,"- განაცხადა ციმაკურიძემ.