ასე იცის აქციის წინასწარ დაანონსებამ იმის გამო, რომ რომელიმე თარიღში აქციის გამართვის უფლება სხვამ არ წაგართვას - ეს არის ადგილის დაკავება, რიგში რომ მიდიხარ და ამბობ, ადგილი დამიკავეთ, 24-ში აქცია მინდაო, - ასე ეხმაურება 24 თებერვლის აქციას "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია.
ხვიჩიას თქმით, საქართველოში აქციების დაანონსება აქციების ჩატარების მიზანს ნაკლებად ემსახურება.
„უფრო ხშირად იმას ემსახურება, რომ აქციის დაანონსება სხვამ არ დაგასწროს - შემდეგ დაანონსებული, უპატრონო აქცია რჩება, რომლის პატრონებიც კი თავად კიევში არიან წასულები და აქ აქცია ისეა მიტოვებული", - განუცხადა ჟურნალისტებს იაგო ხვიჩიამ.
24 თებერვალს, თბილისში - რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის და საზოგადოების წარმომადგენლების ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორთა თქმით, შეკრების მიზანი როგორც უკრაინისადმი სოლიდარობის გამოხატვა, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერის დაფიქსირება იქნება.