კახა ოქრიაშვილი ირაკლი კობახიძეს - „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით ყველასათვის ცნობილი მიმართულებით

ბატონმა ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას" დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

ოქრიაშვილის თქმით, ამით მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში კობახიძეს და მის გუნდს აწუხებს.

"ბატონმა ირაკლი კობახიძემ მითიური აგენტების სიაში ჩამწერა.

ერთის მხრივ, ეს ცუდი არ არის, ე.ი. ბატონი „გავრილოვიჩი“ თვლის, რომ მე მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ საქართველოს პოლიტიკაში და აწუხებს ჩემი არსებობა.

ბატონო ირაკლი „გავრილოვიჩ“, „აგენტი 007 კახაბერ ბონდი გპასუხობთ“: ძალიან მალე მიბრძანდებით იმ ყველასათვის ცნობილი მიმართულებით, სადაც ზმეინის კუნძულის მცველებმა რუსული გემი გაგზავნეს" , - აღნიშნავს ოქრიაშვილი.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „გავლენების შესახებ კანონპროექტზე“ საუბრისას განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი ჯაშუშებს არ შეეხება და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ასეთი ჯაშუშები არიან და იყვნენ „ქართულ ოცნებაშიც“.

კობახიძემ რამდენიმე ადამიანი დაასახელა, ვინც, მისი განცხადებით, მმართველ გუნდში „ირიბი აგენტი“ იყო, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და ახლა პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია.

„შემიძლია კონკრეტული გვარები ვთქვა არა ჯაშუშების ან პირდაპირი აგენტების, არამედ ირიბი აგენტების. მაგალითად, როდესაც ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, გადაბირებული ჰყავდა კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციონერები იყვნენ. ეს ადამიანები შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრები გახდნენ. გუნდმა იცოდა კიდეც, რომ ისინი მართულები იყვნენ. მაგალითად, გია ხუხაშვილი, რომელიც დღემდე ბოღმას ანთხევს და „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. ვისაც უნდა სცოდნოდა, რაღაც მომენტიდან იცოდა, რომ ის მართული იყო და გუნდიდან გაშვებული იქნა. მიზეზი იყო ის, რომ მართული იყო და ვერც გამოსწორდა (როგორ შეიძლება აგენტი გამოსწორდეს). ასევე ეკა ბესელია - ამ შემთხვევაშიც ვანო მერაბიშვილის როლზე ვსაუბრობ. იყო გარკვეული პროცესები, სადაც მან [ბესელიამ] მძიმე როლი შეასრულა. ვისაც უნდა სცოდნოდა, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. დიდი ხნის განმავლობაში ვიცოდით ეს. მან თავი გამოავლინა 2018-2019 წლებში სხვადასხვა კუთხით. ასევე კახა ოქრიაშვილი, იგი დღეს უკვე ღიადაა ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული. მათი გუნდიდან უფრო ადრე გაშვება მეტ რისკებთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო