უკრაინის გამარჯვება, უდავოდ, უნდა მოიცავდეს რუსი სამხედროების გაყვანას უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა.
„ახლა რასაც ვხედავთ არის ის, რომ რუსეთის სტრატეგიული მარცხი გარდაუვალია და უკრაინის გამარჯვება, უდავოდ, უნდა მოიცავდეს ტერიტორიების დეოკუპაციას, უნდა მოიცავდეს რუსი სამხედროების გაყვანას უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, უნდა მოიცავდეს ამ ქვეყნებისთვის დანაკარგების ანაზღაურებას და საერთაშორისო სამართლის წინაშე ყველას დაყენებას, ვინც სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა”, - განაცხადა კალინდრამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციის კომენტირებისას ელჩმა აღნიშნა, რომ სოლიდარობის გამოხატვის ბევრი საშუალება არსებობს.
„საქართველომ გაერო-ში გამოხატა სოლიდარობა და ეს ძალიან გვახარებს. ასევე, არსებობს ამის განხორციელების გზები. ჩვენ შემთხვევაში, ლიეტუვის შემთხვევაში, ყველა ფორმით გამოვხატავთ და ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რათა უკრაინას დავეხმაროთ, მათ შორის სამხედრო დახმარება, ფინანსური დახმარება და ყველა დახმარება, რომელიც საჯაროდ არ ქვეყნდება”, - განაცხადა ელჩმა.