არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა ჟურნალისტებთან საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში.
„უკრაინა იქიდან გამომდინარეობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია. ამიტომ, დაჟინებით სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას გამოიჩინოს მოწყალება და გადაიყვანოს იგი სამკურნალოდ ევროპასა თუ აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ჯანმრთელობის აშკარა მძიმე მდგომარეობისა და უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით.
ჩვენ არ ვაფასებთ სამედიცინო ექსპერტების დასკვნებს, მაგრამ არ შეიძლება არ დავაფიქსიროთ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა, რასაც ჩვენი კონსული პირადი შეხვედრის შემდეგ ადასტურებს",- აღნიშნავს კასიანოვი.