ფრაქცია “ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას “უმძიმეს და უბინძურეს პროვოკაციას“ უწოდებს.
იონათამიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ მსგავსი პროვოკაცია უკრაინის ომის წლისთავზე კეთდება.
“დღეს პროვოკაციების მთელი კასკადი ვნახეთ. ფაქტია, რომ ამას არ უნდა ავყვეთ, რადგან ვიცით, ეს რა შედეგამდე მიგვიყვანს. როგორი ბინძური პროვოკაციაც არ უნდა იყოს, ამას არასოდეს ავყვებით“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ უკრაინასთან ომში რუსეთის უპირატესობებსა და 10 დასახლებულის აღებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ცალკეული დეპუტატი „შოიგუს დაკრულზე ცეკვას აგრძელებს, რასაც უკრაინა გმობს.
კასიანოვი ყველას ურჩევს, ფრონტზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური ინფორმაცია გამოიყენონ და არა რუსული პროპაგანდის ტყუილი.
„ჩვენ ვგმობთ იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნების" ცალკეული მოქმედი დეპუტატი აგრძელებს რუსი სამხედრო დამნაშავე, შოიგუს დაკრულზე ცეკვას უკრაინელი ხალხისა და ქართველი მოხალისეების სისხლზე“, - განაცხადა კასიანოვმა.