„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის მედეა მეტრეველის განცხადებით, გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპატრიარქოსთვის გადაცემით „ოცნებამ“ აღიარა, რომ არაკომპეტენტურია და ტაძრის გადარჩენის სურვილი არასდროს ჰქონია.
მისი თქმით, „გელათი ოცნების ხელში გამოუსწორებლად დაზიანდა“.
„საპატრიარქოსთვის გელათის რეაბილიტაციის მართვის გადაცემა არის აღიარება, რომ ხელისუფლებას არ გააჩნდა არც კომპეტენცია, არც უნარი და, რაც მთავარია, არც ნება, გადაერჩინა ტაძარი. დამდგარი უმძიმესი შედეგების ფონზე გელათის მართვის გადაბარებით "ოცნება" ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას 2020- 2023 წლების დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებზე და ნაბიჯებზე“, - აცხადებს მედეა მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ კულტურის მინისტრის განცხადებით, გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს, ხოლო კულტურის სამინისტრო ფინანსური რესურსით უზრუნველყოფს. გადაწყვეტილება ეროვნულ მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელშიც მონაწილეობას კულტურის სამინისტროს, საპატრიარქოს წარმომადგენლები, ასევე არქიტექტორ-რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები იღებდნენ.