ირაკლი კობახიძე - აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები - ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო

აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს, შესაძლოა, მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები - ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გავლენების შესახებ „ხალხის ძალის“ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორივე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ვენეციის კომისიას დასკვნის დაჩქარებულად წარმოდგენას სთხოვენ, რის შემდეგაც პარლამენტში მსჯელობა იმ კანონპროექტზე გაგრძელდება, რომლის თაობაზეც კომისიას დადებითი შეფასება ექნება.

„ორივე კანონპროექტს დავუჭერთ მხარს პირველი მოსმენით, უახლოეს დღეებში საკომიტეტო მოსმენები შედგება, შემდეგ პლენარულ სხდომაზე გავა. პირველი მოსმენით მიიღება ქართული ვერსიაც და ამერიკულიც, შემდეგ ორივე დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. დაჩქარებული წესით ვითხოვთ დასკვნის წარმოდგენას, სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი ვერსიის მიღება. თუ დადებითი დასკვნა იქნება ამერიკულ ვარიანტთან დაკავშირებით, გაგრძელდება ამერიკული ვარიანტის განხილვა, თუ ქართულთან დაკავშირებით იქნება დადებითი დასკვნა, გაგრძელდება ქართულის განხილვა. ყველა შემთხვევაში დასკვნა იქნება კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით, ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა, შეიძლება ცალკეული კომენტარები იყოს ერთ, მეორე ან ორივე კანონთან დაკავშირებით, რაზეც მსჯელობა გვექნება, მაგრამ აპრიორში გამორიცხულია, რომ ერთ, მეორე ან ორივე კანონპროექტზე უარყოფითი დასკვნა იყოს. შესაძლოა მხოლოდ დეტალებზე იყოს შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ერთ ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ, მანამდე ვენეციის კომისიის დასკვნას დაველოდებით. ვენეციის კომისია, პოლიტიკური ორგანო არ არის, სამართლებრივი ექსპერტიზის დაწესებულებაა, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვენეციის კომისია ვერ იტყვის, რომ კანონი არ უნდა მიიღო, მითუმეტეს, აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ აპირებენ კანონპროექტის პირველის მოსმენით მიღებას ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე, კობახიძე ამბობს, რომ ქართული კანონპროექტის ვარიანტში გარკვეული ტექნიკური ცვლილებებია შესატანი.

„პრინციპების დონეზე ხდება პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღება. პირველი მოსმენით ორივე მიიღება, საბოლოოდ ერთს ან მეორეს არ მივიღებთ და არჩევანი დამოკიდებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაზე. გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე გვქონდა მსჯელობა, რაც ამერიკულს არ ეხება, რადგან ეს პირდაპირი თარგმანია. რაც შეეხება ქართულ ვერსიას, აქ გარკვეული ტექნიკური შესწორებები უნდა შევიდეს, სანამ ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამისთვის საკომიტეტო და პლენარული მოსმენები უნდა გაიმართოს. ვენეციის კომისია პრინციპების დონეზე ვერ დაიწუნებს, რადგან, კანონი არასამეწარმეო იურიდიული პირების გამჭვირვალობას ადგენს, მითუმეტეს მეორე კანონი ამერიკულის ზუსტი ასლია, 85 წელია მოქმედებს და დროს გაუძლო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს