ვიქტორ წილოსანი - თბილისში 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გვაქვს და დაგეგმილი გვაქვს, რომ 12-ვე წელს მოვაგვაროთ

თბილისში, საცობების თემა კვლავ მწვავედ დგას. მიუხედავად დედაქალაქის მერიის მიერ სხვადასხვა ღონისძიებების გატარებისა და მიზნად კერძო ავტომანქანებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქალაქეების გადასმის მცდელობისა, სურათი არ იცვლება.

დედაქალაქში არსებული მუდმივი საცობები და მოსახლეობის კრიტიკა - რას გეგმავს დედაქალაქის მერია და როგორია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის ვიქტორ წილოსანის პასუხები იმ პრობლემურ საკითხებზე, რომელიც როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ასევე, კერძო ავტომანქანით, თუ ქვეითად გადაადგილებისას გვხვდება.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ ვიქტორ წილოსანს ესაუბრა. როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი განმარტავს, ქალაქში 12 პრობლემური კვანძია, რის მოწესრიგებასაც მერია 2023 წლის განმავლობაში გეგმავს.

- დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელება #1 პრიორიტეტად დაასახელა. სატრანსპორტო პოლიტიკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის - ავტობუსების, მიკროავტობუსების პარკის განახლებას, მეტროპოლიტენის რეაბილიტაციას, ტაქსების რეფორმასა და ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის შემოღებას გულისხმობდა. დღეის მდგომარეობით, სატრანსპორტო პოლიტიკის რა პუნქტებზე შეგიძლიათ გვითხრათ, რომ მერიამ სრულად განახორციელა, რისი განხორციელება შეფერხდა და რატომ?

- ეს არის მობილობის რეფორმა, რაც გარდა იმისა, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ქვეითსაც და ალტერნატიულ ტრანსპორტსაც გულისხმობს, როგორიც არის, ველოსიპედი, სქროლები და ა.შ. ხშირადაა კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ველოსიპედით თბილისში არავინ გადაადგილდება. ამის ერთადერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ მისი ინფრასტრუქტურა გამართული არ გვაქვს. აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც გაცილებით უფრო ცოტა ადამიანი გადაადგილდებოდა, ალბათ, თქვენც ხედავთ, რომ თქვენს გარშემო ადამიანები, რომლებიც, არასდროს გამოიყენებდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დღეს უკვე მისით სარგებლობენ, რადგან ხვდებიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამა თუ იმ ადგილზე მიწვდომადობა გაცილებით გაუმჯობესებულია და გაცილებით სწრაფად მივა, ვიდრე ავტომობილით. ავტომობილით შეიძლება მივიდეს, მაგრამ ვერ გააჩეროს და სხვა თანამდევ შემაფერხებელ გარემოებებთან ჰქონდეს შეხება. თუ რა დაასრულა მერიამ, ამას ასე ვერ გიპასუხებთ, რადგან მობილობის დასრულება წარმოუდგენელია, ეს ადამიანის ქცევაზეა დამოკიდებული და როცა ეკონომიკა ვითარდება, მათ შორის, ადამიანის ქცევებიც ამასთან ერთად იცვლება, ეს მუდმივი პროცესია. ვიღაცამ თუ თქვა, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვერი და დავასრულეო, ნიშნავს, რომ ამ პროცესს საერთოდ ვერ ხედავს. თუმცა, რაღაც ნაწილებში რეფორმა გარდამტეხ ფაზაში რომ მივიდა, ეს უკვე ცხადია.

სრულად შევცვალეთ ავტოპარკი და იქვე დავაანონსეთ, რომ ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის პირველი ეტაპი იყო და მეორე ეტაპი გულისხმობდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აჩქარება უნდა მომხდარიყო. ზუსტად, ამ პროცესში ვართ და ქალაქში 10 ძირითადი დერეფანი გვექნება, რომელზეც 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ, რომელიც მგზავრთა ნაკადის ძირითადი გადამყვანი იქნება, ამაზე დაახლოებით, მგზავრობების 50% მოვა. 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებულია, მოლაპარაკებები მიმდინარეობს მომწოდებლებთან, საუბარია, 200 ერთეულ ავტობუსზე, სატენდერო პროცედურას თავისი გაწერილი წესები გააჩნია, წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, ეს 200 ერთეული შემოვა, ჩანაცვლებაც ეტაპობრივად მოხდება. 18-მეტრიან ავტობუსს შესაბამისი ინფრასტრუქტურით ბაზა სჭირდება, ეს პროცესიც დაწყებულია, ერთიანად რომ ჩამოვიდეს, ამის მიღების რესურსი და შესაძლებლობა არ გვაქვს. შემაფერხებელ გარემოებაზე იკითხეთ, სამწუხაროდ, პანდემიამ ძალიან დაგვხია უკან, როცა 2 წლის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფაქტობრივად გაჩერებული იყო და ასევე, ის ფინანსები, რომელიც აქეთკენ უნდა მიმართულიყო, სოციალური მიმართულებით იყო გამოყენებული. ამასთან, ეკონომიკასაც ვარდნა ჰქონდა, შესაბამისად, მობილობაც შემცირებული იყო. ის რესურსი, რაც გვქონდა, სრულიად საკმარისი იყო მგზავრთა იმ დროინდელი ნაკადის გადასაადგილებლად. ეკონომიკამ ზრდა განაახლა, შესაბამისად, საზოგადოებრივ ტრანსპორტზეც მოხმარება სწრაფად გაიზარდა, ამიტომ გახდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შეგვეძინა 18-მეტრიანი ავტობუსები და ავტოპარკის მშენებლობა მოგვეთხოვა.

- სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას, კახა კალაძე ხაზს ხშირად უსვამდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოქნილობას, მათ შორის, თქვენც საუბრობთ ახლა, რომ მისით გაცილებით მეტი მოქალაქე სარგებლობს, ვიდრე ეს აქამდე იყო. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად მგზავრობენ, ამბობენ, რომ ხანგრძლივი დროით უწევთ ლოდინი, გადაადგილება არც ისე კომფორტულია. როგორია დედაქალაქის მთავრობის როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გეგმა, რათა მეტი მოქალაქე გადმოჯდეს საკუთარი ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე?

- ზოგადად, ადამიანი პროცესის გაჯანსაღებას გაცილებით უფრო მარტივად ეგუება და ძველი ავიწყდება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, როგორი ტიპის ავტობუსები, მიკროავტობუსები გვყავდა და ჩვენი საშუალო მოლოდინის დრო რა იყო. როცა სისტემა გადმოვიბარეთ, საშუალო მოლოდინის დრო 28 წუთი იყო, დღეის მდგომარეობით, საშუალო მოლოდინის დრო 18 წუთია, თუმცა, ჩვენი მიზანია, მოლოდინის ეს დრო 7-8 წუთამდე დავიყვანოთ. ახლა მოგახსენებთ, რატომ არის საზოგადოება უკმაყოფილო - საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები ყველგან არ გვაქვს გამოყოფილი, ქსელი ერთიანად შეკრული არ არის, თუ ქსელი შეკრული არ არის, ვერც ერთ შემთხვევაში, ეფექტს ვერ მივიღებთ. 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, ეს კვანძები მოსაწესრიგებელია, სადაც ყოველდღიურად 1 500 ბრუნის ჩაგდება ხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ, 100 000 ადამიანს, რომლის გადაყვანის რესურსიც დღევანდელ ავტოპარკს გააჩნია, ვერ ვემსახურებით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს 100 000 ადამიანი იმ ავტობუსში ავიდა, რომელშიც არ უნდა ასულიყო, მგზავრების გადაჭარბება მოხდა. სწორედ ამიტომ, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, რომ 12-ვე კვანძი 2023 წელსვე მოვაგვაროთ. შესაბამისად, ეს იქნება მნიშვნელოვანი შვება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, ჟვანიას მოედანზე, ბელიაშვილზე განხორციელდება ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

ხშირად აპელირებენ, რომ მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებზე ხდება ე.წ. ბასლაინების გაკეთება, ეს მინიმუმ, მცდარი ინფორმაციაა. ე.წ. ბასლაინები გლდანში - ვეკუა-ხიზანიშვილზე სწორედ მაშინ გაკეთდა, როცა ჭავჭავაძეზე. ე.წ. ბასლაინი საკმაოდ ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული - ქეთევან წამებულზე, ვარკეთილში, დიდ დიღომში, თამარ მეფეზე, თამარაშვილზე, შესაბამისად, ახლა ამ წრის შეკვრა მიმდინარეობს. ე.წ. ბასლაინები მოსკოვის გამზირზე, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანში ვასაძის ქუჩაზე, ასევე დადიანის გამზირზე დაემატება.

- ყველა იმ გამოწვევის და პრობლემური კვანძების გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეთ, მაინც თვლით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტულია?

- იმის თქმა რომ შემეძლოს, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტულია, მერწმუნეთ, ამ რეჟიმში არ ვიქნებოდით და არ ვიტყოდი, რომ ქალაქში 12 პრობლემური კვანძი გვაქვს, სადაც 1 500 ბრუნის ჩაგდება ხდება. არც იმას ვიტყოდი, რომ 18-წუთიანი მოლოდინის დროის შეცვლა 7-8-წუთამდე მინდა.

- მაგრამ ამის მიუხედავად, მოქალაქეებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისკენ მაინც მოუწოდებთ...

- როგორც კი, ავტომობილზე ზეწოლა მცირდება, მაგალითად, თებერვლის თვეში ნაკლებია ავტომობილზე ზეწოლა, შესაბამისად, საცობიც და ჩაგდებული ბრუნების რაოდენობაც ნაკლებია. ქალაქში, პიკურ პერიოდში, შეგიძლიათ ავტობუსში ახვიდეთ და არსად შეგხვდებათ გადავსებული ავტობუსი. დღევანდელი ავტოპარკი, რაც გაგვაჩნია, სავსებით საკმარისია მგზავრების მომსახურებისთვის, საუბარი არ მაქვს სადღესასწაულო დღეებზე. ავტობუსების პარკი დაახლოებით, 50%-ით გავზარდეთ, მაგრამ რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილი ზოლები არ გვაქვს, ავტობუსების მოძრაობა ფერხდება და რა რაოდენობის ავტობუსიც არ უნდა დავამატოთ, უფრო უარეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე დღეს გვაქვს, რადგან იმ კონკრეტულ კვანძზე, სადაც ავტობუსი ვერ გადის, თუ უფრო მეტი ავტობუსის მიწოდებას მოვახდენთ, ეს ავტობუსები კიდევ უფრო შეფერხდებიან, რადგან ეს მოცემულობა არსებულ ნაკადსაც ვერ ატარებს და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი დაგვიანება მოხდება. ამიტომ არის ზუსტად მნიშვნელოვანი, რომ 12 კვანძი სწრაფად გავხსნათ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მათ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რადგან მოქალაქეებსაც შეეძლოთ მარტივად და კომფორტულად გადაადგილდნენ.

- ახლად რეაბილიტირებულ გამზირებსა და ქუჩებზე, თითქმის, ყველგან გვხვდება ველობილიკები და ე.წ. ბასლაინები. მოქალაქეების ნაწილი საცობებს, სწორედ სავალი გზის მონაკვეთის დავიწროებას უკავშირებს. ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ველობილიკებისთვის გზის ნაწილის გამოყოფა, თან იმ ფონზე, როცა ეს ველობილიკები მხოლოდ ქალაქის ნაწილშია და ერთიანი ჯაჭვი არ იქმნება?

- პირდაპირ გეტყვით, ვინც ამას ამბობს, ან ამ პროცესს არ ცნობს, ან შეგნებულად იტყუება. ვერც ერთ ადგილს დამისახელებთ, სადაც ჩვენ ან ზოლის ამოგდება, ან შევიწროება მოვახდინეთ.

- ჭავჭავაძის გამზირი...

- არა, ვაკეში ძირითადი ორი ზოლი გვქონდა, დაგვრჩა ისევ ორი ზოლი, უბრალოდ, ერთი ზოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაეთმო. ვაკეში მხოლოდ რამდენიმე ადგილას გვქონდა სამი ზოლი - „პიქსელთან“ და კიდევ ორ-სამ კვეთაზე, მაგრამ ჭავჭავაძის გამზირზე ძირითადი ზოლი ორი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ გამზირს ორი ზოლის გამტარუნარიანობა ჰქონდა. მოგეხსენებათ, მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია როცა ხდებოდა, ჭოველიძის ქუჩის ასახვევთან კუნძული მოეწყო, საუბარი იყო, რომ გზას ვავიწროებდით, არადა, ზოლების სტანდარტიზაცია მოხდა, რათა მათი არხირება სწორად მომხდარიყო.

რაც შეეხება ველობილიკებით აპელირებას, მისი სიგანე 1,5მ-ია, ეს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება სამანქანო ზოლისთვის საკმარისი ზოლი, ამიტომ საცობების ველობილიკებისთვის გადაბრალება სულ მცირე, უსინდისობაა.

- ანუ, გაამართლა ველობილიკებმა?

- რა თქმა უნდა, ჭავჭავაძის გამზირზე თუ გაივლით, ნახავთ, რამდენი ველოსიპედისტი გადაადგილდება. შემიძლია ვთქვა, რომ მანქანების და ველოსიპედების რაოდენობა თითქმის, თანაბარია, მითუმეტეს, ზაფხულში და გაზაფხულზე. ველოსიპედების ქსელი უნდა შეიქმნას, თუ ინფრასტრუქტურა არ იქნება, ადამიანიც ვერ გადაადგილდება იმ ტრანსპორტით. წარმოგიდგენიათ, სათხილამურო კურორტზე სასრიალო არ იყოს და ვამბობდეთ, რომ არავინ სრიალებს? თუ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ იქნება, მომხმარებელიც არ ეყოლება. აპელირებენ იმაზე, რომ თბილისი მთა-გორიანია და ველოსიპედით გადაადგილება ვერ მოხდება, მერწმუნეთ, 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებით, არანაირი პრობლემა ველოსიპედით გადაადგილებაზე არ იქნება. სამწუხაროდ, ისეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომელიც თავიდან ბოლომდე ავტომანქანებზეა მორგებული, ისეთი ადგილებიც გვაქვს, სადაც არათუ ველობილიკის გაკეთება შეიძლება, ქვეითისთვის ტროტუარსაც ვერ ვაკეთებთ, ეს კულტურა ასამაღლებელია. დარწმუნებული ვარ, ასეთი ქუჩები მხოლოდ საფეხმავლო დარჩება და არა მხოლოდ სამანქანო, როგორც დღეს არის. ამ ყველაფერს დრო სჭირდება, ყველაფერს ვერ მივედ-მოვედებით. პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მანქანაზე დამოკიდებულება შევამციროთ და რომელიმე ერთი ტრანსპორტი ავტომანქანის ალტერნატივად გამართული გავხადოთ და შემდეგ, შესაძლებელი იქნება, რომ სხვა რამეებზე გადავიდეთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვანძებია მოსაწესრიგებელი, მათ შორის, ქვეითად მოსიარულეებისთვის, ფიზიკურად ადგილები არ გვაქვს, ან შეიძლება ადგილები იყოს, მაგრამ ტროტუარები არ იყოს. ვფიქრობ, ამ ტიპის კვანძების მოწესრიგება უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ მხოლოდ მანქანაზე გვქონდეს ორიენტირი აღებული. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მანქანით მოსარგებლეც, რაღაც დროს, ქვეითად მოსიარულეც არის.

- მოქალაქეების კიდევ ერთი წუხილია ის, რომ თბილისში გადაადგილებისას საცობები დღის ნებისმიერ მონაკვეთშია. დედაქალაქის მერიის პოზიცია კი ასეთია, რომ საცობებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მისი ხელმისაწვდომობა უნდა დავუპირისპიროთ. როგორია თქვენი გათვლა, რა დროის შემდეგ იგრძნობენ მოქალაქეები ამ იდეის განხორციელების სიკეთეებს ქალაქის ქუჩებში გადადგილებისას?

- საცობის მიზეზი, მანქანაზე მაღალი დამოკიდებულებაა. პირდაპირ ვამბობ, საცობი იქნება იქამდე, ვიდრე არ შემცირდება მანქანაზე დამოკიდებულება, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილების ალტერნატიული, კომფორტული და სწრაფი საშუალება შევუქმნათ მანქანის სანაცვლოდ.

- თუ მაინც არ მინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა და ავტომობილით გადავადგილდები, 2-საათიან საცობში უნდა ვიყო?

- გადაადგილდით, არავინ გიშლით. გაცილებით მეტი ადამიანი გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიდრე ავტომობილით და ამ ადამიანებს არ ვუთმობთ გზას. მუნიციპალიტეტი პირველ რიგში, ვალდებულია, რომ ეს ბევრი ადამიანი უფრო ნაკლები ურბანული სივრცის გამოყენებით გადაიყვანოს, შესაბამისად, ერთი ზოლი საზოგადოებრივ ტრანსპორტს უნდა დავუთმოთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად მლნ 300 000-ზე მეტი მგზავრობა ხორციელდება. შესაბამისად, ეს მგზავრობა უნდა გავატაროთ ზოლში, დანარჩენი ზოლი, ავტომობილს უნდა დავუთმოთ, თუ არ გვყოფნის ავტომობილის ზოლები, მუნიციპალიტეტი ვერაფერს იტყვის, რადგან ჩვენ უკვე მკაცრად ჩამოყალიბებული ურბანული გარემო გვაქვს, სადაც ერთიანობაში სქემას ვერ შევცვლით. ყოველწლიურად მობილობა 30%-ით იზრდება და მხოლოდ მანქანების რაოდენობა 8%-ით, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა რომ შევინარჩუნოთ, 30%-ით უნდა გავზარდოთ ყოველწლიურად გზების რაოდენობა, რაც არარეალურია და მსოფლიოში, არსად ეს არ ხდება.

ყველას აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი და თავისუფლება ამ გადაწყვეტილებაში. ჩვენი მიზანია, გადაადგილების ალტერნატიული შესაძლებლობა შემოგთავაზოთ - არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მისთვის გამოყოფილი ზოლი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ. არსებობს ავტომობილი და მისთვის გამოყოფილი ზოლი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ, ასევე, ქვეითის ზოლი და ველობილიკი, თქვენ თვითონ უნდა აირჩიოთ რით უნდა გადაადგილდეთ. ასე, შეიძლება ვთქვა, რომ ვერტმფრენით გადაადგილება და სააკაძის მოედანზე დაჯდომა მინდა.

- ეს ცუდი შედარებაა.

- რატომ? ჩვენ გვაქვს ურბანული სივრცე, სადაც ავტომობილისთვის ზოლია გამოყოფილი. შესაბამისად, იმ ზოლში, რამდენი ავტომობილიც გაივლის, გაიაროს. მე პირადად, დღის განმავლობაში, თუ გადაადგილება მიწევს, 90% საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვსარგებლობ, მერიიდან მეტრომდე ფეხით მივდივარ, როგორი ამინდიც არ უნდა იყოს და მერე მეტროთი.

- ეს თქვენი არჩევანია, მეც ხომ მაქვს უფლება, ავირჩიო, რით მსურს მგზავრობა? ავირჩიე ავტომანქანა, რატომ უნდა ვიყო საათების განმავლობაში საცობში? მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტიც დამოკლებულია და სასურველ ადგილამდე მისაღწევად რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა მომიწევს.

- საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად, არც ერთ ქალაქში ტაქსის ფუნქციას არ ასრულებს, ანუ, ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში ვერ მიხვალთ. ჩვენი ქალაქის სიდიდის ევროპული ქალაქების მაგალითებს და კოეფიციენტებს გაჩვენებთ, სად, რამდენი გადაჯდომაა საჭირო. მერწმუნეთ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არ ვართ. ჩვენთან პრობლემა არის ის, რომ გადაჯდომის დროს მოლოდინის დრო დიდი გვაქვს, რაზეც როგორც მოგახსენეთ, ვმუშაობთ. თუ თქვენ გეცოდინებათ, რომ 2-3 წუთში ტრანსპორტი მოვა, თქვენც აღარ გექნებათ დისკომფორტი, ახლა თქვენ საშუალო მოლოდინის დრო 18 წუთი გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტობუსი სადღაც 2-3 წუთში მიდის და სადღაც - 33-34 წუთში.

- აქვე გკითხავთ კალაძის ახალ ინიციატივაზე, რომ სამომავლოდ, შესაძლოა შეიქმნას შესაბამისი აპლიკაცია, რომელიც საცობების შესახებ ინფორმაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის. როდის უნდა ველოდოთ?

- საუბარია, ავტოსაგზაო შემთხვევებზე, საცობებთან დაკავშირებით ინფორმაცია „გუგლმეფშიც“ შეგვიძლია ვნახოთ. ძალიან ხშირად, დღეში, მინიმუმ, 10 ავტოსაგზაო შემთხვევა გვაქვს ისეთი, რომელიც მოძრაობას ისე აფერხებს, რომ მთელი პროცესის პარალიზებას იწვევს. მაგალითისთვის, სანაპიროზე თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდება, ეს აუცილებლად გავლენას იქონიებს თამარაშვილზე, წერეთელზე და ა.შ. ეს ხშირ შემთხვევაში, სატრანსპორტო პოლიტიკას ბრალდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გამომწვევი მიზეზები იცოდნენ. დღის განმავლობაში 10 დიდი საცობი გაუმართავი მანქანების, ან ავტოსაგზაო შემთხვევის გამო შეჩერებული ავტომობილის გამო ხდება. უახლოეს პერიოდში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს გვერდზე ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას დავიწყებთ.

- თუ გაქვთ მონაცემები რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დღის, ან თვის განმავლობაში დედაქალაქის ქუჩებში?

- ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მონაცემებს, დაახლოებით, 360 კამერა გვაქვს ქალაქის მასშტაბით და 800-ზე მეტი მთვლელი, ზუსტად ვიცით, ნებისმიერ დროს, რამდენი ავტომობილი გადაადგილდება. დღის განმავლობაში, დაახლოებით 600 000 ავტომანქანა გადაადგილდება. პანდემიის წლებს ვერ შევადარებთ, თუმცა, 2019 წელთან შედარებით რა თქმა უნდა, ეს მონაცემები საკმაოდაა გაზრდილი. თუმცა, ავტომობილების რაოდენობა არაა მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია მობილობა. მე მაგალითად, შეიძლება ერთი ავტომობილი მყავდეს, რომლითაც სამსახური-სახლში დავდივარ, მაგრამ როგორც კი შემოსავალი გამეზარდა, შეიძლება სახლიდან ნათესავთან, მეგობართან, კაფეში წასვლა მომიწიოს, რაც მობილობას ზრდის, ამიტომ, ეკონომიკის ზრდის ტემპი მოგვწონს თუ არა, მასთან ერთად მობილობაც იზრდება. მნიშვნელოვანია, შევამციროთ მანქანაზე დამოკიდებულება, პარალელურად მზად დავხდეთ გაზრდილ მობილობას და შევქმნათ ალტერნატიული სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა.

- ერთია ის საცობი, რომელსაც ავტომობილები ქმნიან და მეორეა ის ე.წ. საცობი, რომელიც მოქალაქეების ჭარბი ნაკადის გამო მეტროში იქმნება. ბოლო პერიოდში სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში მგზავრთა ნაკადის ხელოვნურმა მართვამ მდგომარეობა ერთგვარად განმუხტა, თუმცა პრობლემა ისევ არსებობს. ე.წ. რიგის მომწესრიგებლები სადგურის მოედნის გვირაბში კიდევ რამდენ ხანს უნდა იდგნენ და გეგმავთ თუ არა ამ საკითხის სხვა გზებით მოწესრიგებას?

- ამაზე მთელი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. დარწმუნებული ვარ, უცხოეთში ბევრ ქალაქში ყოფილხართ და მეტროთიც გისარგებლიათ. მაგალითად, ლონდონის მეტრო საუკეთესოდ ითვლება, „იუთუბზეც“ კი შეგიძლიათ ნახოთ მსგავსი კადრები, თუ როგორ ხდება რიგის მოწესრიგება. იაპონიაშიც კი, რომელიც ტექნოლოგიების მექაა, ადამიანები დგანან, რომლებიც მოძრაობას ხელით არეგულირებენ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას მთელი ამბავი მოჰყვა, ხშირად ვარ მე კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ამის არ მეშინია, ვიცი, რომ რეფორმას შევეჭიდე, ნებისმიერი რეფორმა მტკივნეულია, რაც უფრო დიდ სოციალურ ჯგუფს მოიცავს რეფორმა, კიდევ უფრო მტკივნეულია. სატრანსპორტო რეფორმა ისეთი რეფორმაა, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხება, იქნებიან კმაყოფილი ადამიანებიც და უკმაყოფილოებიც. ყველაზე პრობლემური ადგილი არის მეტროსადგურების - „ვარკეთილის“, „ახმეტელის თეატრის“ ჩასასვლელი, თუმცა, იქ ტურნიკეტების გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხზეც ვმუშაობთ - ახლით ჩანაცვლდება, შემოდგომაზე ეს პროცესი დასრულდება. ტურნიკეტები უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის იქნება, შესაბამისად, ადამიანების გატარება, სწრაფად მოხდება.

- მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაცია 2021 წლის თებერვალში დაანონსდა და 3 თვით დაიკეტა. მიუხედავად დაგეგმილი და განსახორციელებელი სამუშაოების ბევრი გადავადებისა, მეტროსადგური მგზავრებს ამ დრომდე ვერ ემსახურება. დაკეტვიდან 2 წელის შემდეგ მაინც, შეგიძლიათ გვითხრათ, როდის შეძლებს მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრთა ნაკადის მიღებას?

- უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით „გოცირიძეზე“ შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი „აქილევსის ქუსლი“ გახდა.

- როგორც დაანონსებულია, „ვარკეთილის“ მეტროსადგურის რეაბილიტაცია 9 თებერვლიდან დაიწყება და 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება. უშუალოდ სადგური კი მხოლოდ ზაფხულში, ივნისი-აგვისტოს თვის განმავლობაში დაიკეტება. მეტროსადგურ „გოცირიძის“ მაგალითის გათვალისწინებით, რა არგუმენტით დაარწმუნებთ მოქალაქეებს, რომ მეტროსადგური „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია დაგეგმილ ვადებში განხორციელდება?

- „მგლის შიშით ცხვარი ვის ამოუწყვიტავსო“, დაახლოებით ასეთია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოში პასუხისმგებლიანი კომპანიები უფრო მეტია, ვიდრე უპასუხისმგებლო. „გოცირიძის“ შემთხვევა იყო ერთადერთი და განუმეორებელი, იმედი მაქვს, მსგავსი არაფერი გამეორდება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ვადებში ჩაეტევა.

ეკა ლემონჯავა

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა