სალომე სამადაშვილი - არ მახსოვს, ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით - სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა,  წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა

სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა - ეს უნდა იყოს ყველასთვის სიგნალი, რომ ამ საკითხის დაყოვნება საგანგაშოა,- ამის შესახებ „ლელოს“ პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც შეაფასა იუსტიციის სამინისტროსთვის ევროკავშირის ოფიციალური დემარშის გადაცემა.

სამადაშვილის თქმით, ასეთი ტიპის დემარში მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში იმართება და ეს „ძალიან მაღალი შეშფოთების დაფიქსირებას ნიშნავს“.

„ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული და ევროკავშირის და მისი თავმჯდომარე ქვეყნის ელჩების მიერ განხორციელებული ასეთი ტიპის დემარში ძალიან მაღალი შეშფოთების დაფიქსირებაა. დემარში გამონაკლის შემთხვევებში იმართება. არ მახსოვს, რომ ასეთი დემარში გამართულიყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელში შედგა მსჯელობა და ისინი ერთობლივად ჩამოყალიბდნენ, რომ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს ევროკავშირის სახელით გამაფრთხილებელი დემარში. რას აჩვენებს ეს ყველაფერი - „ლელოს“ პოზიცია არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა გადაუვადდეს სასჯელი, უნდა გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ. არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებულებას, ვინ ფიქრობს, რომ სააკაშვილს რაღაც შეეშალა ან დანაშაული აქვს ჩადენილი. მოცემულ ვითარებაში როდესაც მიხეილ სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია და სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა დაკავშირებულია ამ ქვეყნის მომავალთან, მიგვაჩნია, რომ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი მთავარი ამოცანაა და ყველაფერი სხვა ამ ჭრილში უნდა განიხილებოდეს. სააკაშვილის მდგომარეობა, როგორც ჩანს, ძალიან მძიმეა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი ასეთ დემარშს არ განახორციელებდა. ეს უნდა იყოს ყველასთვის სიგნალი, რომ ამ საკითხის დაყოვნება საგანგაშოა“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღების მიმართულებით საქართველოს არანაირი პოზიტიური დინამიკა არ აქვს და ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული პერსპექტივის მიღმა გვტოვებს“.

„განაცხადის შეტანის დღიდან არანაირი პოზიტიური დინამიკა არ გვაქვს. ევროპარლამენტის რამდენიმე რეზოლუცია გვაქვს, სადაც საუბარია, რომ ქვეყანას სერიოზული გამოწვევები აქვს. მთლიან კონტექსტში თუ შევხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული პერსპექტივის მიღმა გვტოვებს. ეს, როგორც მინიმუმ, ნიშნავს იმას, რომ არანაირი პროგრესი არ გვექნება და მომავალში, შესაძლოა, ეს უვიზო მიმოსვლას შეეხოს.

ისიც რომ არ იყოს, ხვალ შეიკრიბონ და გადაწყვიტონ, რომ გაგვიუქმონ, მოხდება ის, რომ

როგორც ადამიანები დაინახავენ სიგნალს, რომ ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა არ არის, ბევრად მეტი ადამიანი ეცდება ქვეყნიდან წავიდეს, თავშესაფრის მაძიებლების გაზრდილმა სტატისტიკამ კი, შესაძლოა, დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი. ჩვენი უვიზო რეჟიმი დამოკიდებულია გარკვეულ პარამეტრებზე. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ამას დღესაც ვერ იყენებს ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შეთანხმება „ქართული ოცნების“ მხრიდან შეჩერებულია, რადგან პრაქტიკაში მინიმალურად იქნა გამოყენებული“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მან შვედეთის ელჩთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის ოფიციალური დემარში გადასცა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის შესახებ ცნობებით. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ამ დემარშს ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფო ეთანხმება“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს