„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრებმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რიგით მესამე შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ჯგუფის წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შეხვედრის მიზანი იყო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებების მოსმენა და მსჯელობა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც კანონპროექტების მიღების შემთხვევაში შეიქმნება.
„ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან, იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია „კუდიანებზე ნადირობის" კანონპროექტი და რომელიც საქართველოს უქადის საერთაშორისო იზოლაციას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მანდატი საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს.
„2020 წელს „ქართული ოცნების“ დაპირება იყო, რომ საქართველოს წაიყვანდა ევროკავშირის მიმართულებით. ახლა ჩვენ ვხედავთ რომ, მათ შორის ამ კანონპროექტით, „ქართული ოცნება" ეწევა საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დივერსიას. ისევე როგორც არ არსებობს ორი ძალა - „ხალხის ძალა" და „ქართული ოცნება" ასევე, არ არსებობს ორი კანონპროექტი. ეს არის ერთი ბოროტი კანონპროექტი, რომლის მიზანია საქართველო მოაქციოს საერთაშორისო იზოლაციაში. კანონის მიღების შემთხვევაში, არათუ ჩაიკეტება ევროკავშირის კარი, არამედ, არსებული სტატუსკვო დაირღვევა, რადგან არაერთმა საერთაშორისო და პარტნიორმა ორგანიზაციამ ღიად გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ იგივე რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება თანამშრომლობა, რომელიც აქამდე ჰქონდათ საქართველოსთან და რომელიც ქართველი ხალხისთვის მილიონობით დახმარებას მოიცავს. ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა დარტყმას მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. საკანონმდებლო პროცესში და მის მიღმაც, ჩვენ გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომ ამ კანონპროექტის მიღება შეჩერდეს თუმცა, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო არენაზე, საერთო ძალისხმევის და მობილიზების გარეშე ეს ვერ მოხერხდება. ეს არის პროცესი, სადაც ყველას აქვს თითო აგური დასადები", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.