გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს - ქართულმა მხარემ რომ ნაბიჯები გადადგა, როცა 7 აგვისტოს ღამეს მთელს მსოფლიოს დაბომბვა აჩვენეს, პასუხი გასცენ, რას ბომბავდნენ? 8 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში რომ იძახდნენ შეტევაზე ვართო, ამით რას აკეთებდნენ? შემდეგ რეზოლუციაში მხარი იმ მოცემულობას რომ დაუჭირეს: - ომი ჩვენ დავიწყეთ და სამხედრო დანაშაული ჩავიდინეთო, ამით რა გააკეთეს? - ეს გამოსაძიებელია, აბა რა! არ არის გამოსაძიებელი?! – ამ კითხვებზე მკაფიო პასუხები რომ არ არსებობს, ამას შესაძლოა კომისია სჭირდებოდეს! - ამ განცხადებით გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივას, რომლებიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით პროკურატურისა და პარლამენტის მიერ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
მდინარაძე იმასაც ამბობს, რომ “როცა სხვადასხვა მხრიდან - კულისებსა თუ ღიად - ომის მოწოდებები ისმის, დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს“.
მდინარაძემ დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოები ომის დაწყება-დამთავრებასთან და მასთან დაკავშირებულ ქრონოლოგიას არ განიხილავდა. მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოებმა უფლებების დარღვევის საკითხები და ომის დანაშაულების საქმე განიხილა, სადაც საქართველომ გაიმარჯვა.
“მე არა ვარ ადრესატი კითხვისა - ომი ვინ დაიწყო და რა მოხდა. ამის დეტალიზაციის ადრესატი მე ნამდვილად არ ვარ! ამაზე კეთილი ინებონ და პასუხი იმ ადამიანებმა გასცენ, ვინც მთელს მსოფლიოს 7 აგვისტოს, გვიან ღამით, დაბომბვის კადრები აჩვენა. კეთილი ინებონ და ერთხელ და სამუდამოდ მათ გასცენ პასუხი! ამაზე მე კი არ უნდა ვიდგე და რაღაც პასუხებს ვიძლეოდე - ასე იყო თუ ისე... პასუხები გასცენ მათ, ვინც ეს კადრები მსოფლიოს აჩვენა, ვინც კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე განცხადებები აკეთა, ვინც შეტევაზე, სოფლებისა თუ დაბების აღებაზე ილაპარაკა... გენშტაბის უფროსი საუბრობდა: - რუსეთს რომ არ შემოესწრო, ჩვენი შეტევა სწრაფი უნდა ყოფილიყოო... მათ აგონ პასუხი და თქვან, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი!
ამის შემდეგ, მოვლენათა ეს ქრონოლოგია დაუდასტურეს და თქვეს, ომი ჩვენ დავიწყეთო - მე-11 პუნქტში ოკუპანტ ქვეყანას ომის დანაშაულიც უღიარეს!
არც ჰააგისა და არც სტრასბურგის სასამართლო არ მსჯელობდა იმაზე, ვინ დაიწყო და დაამთავრა ომი. სტრასბურგის სასამართლო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სუბიექტებს იკვლევდა და მოვიგეთ - საქართველოს უფლებების დარღვევა არ დაუდასტურდა. მეორე ომის დანაშაულს იკვლევდა, რაზეც “ნაცებმა“ თავის დროზე ხელი მოაწერეს, რომ თითქოს ქართველმა სამხედროებმა ომის დანაშაული ჩაიდინეს. ქართველი სამხედროები ამაშიც გავამართლეთ და ეს პროცესიც მოვიგეთ. სამწუხაროდ, ტალიავინის კომისიის დასკვნაში რაც ეწერა - აღწერილობით ისტორიულ სამოტივაციო ნაწილში - სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებაში ტალიავინის კომისიის მონაცემები გადავიდა. დღეს ჩვენ გვისვამენ კითხვას - ომი ვინ დაიწყოო, მე ამის ადრესატი არა ვარ!
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს საკმაოდ დელიკატური საკითხია. თუმცა პირადად მე მაწუხებს კითხვა, თუ რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? პირადად მე, საქართველოს ერთ მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა - რატომ მოხდა რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ამის გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს!
მაინტერესებს, რატომ ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი ქმედებები და რა იყო ამის მოტივაცია. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და საკუთარ ქვეყანას რატომ უღალატა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ, რომლის მტკიცებით, “ნაციონალურ მოძრაობას“ თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ მოღალატეობრივი და იმ ქვეყნის სასარგებლო ქმედებები აქვს ჩადენილი, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს“.