„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგოსა და ანტიკონსტიტუციურს უწოდებს პარლამენტში შეტანილ კანონპროექტებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". როგორც საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 28 თებერვალს მათ შეხვედრა გამართეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილთან, სადაც ხაზი გაუსვეს იმას, რომ კანონპროექტების უარყოფა უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას პრინციპების დონეზე ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივის მხარდამჭერად წარმოაჩენს.
„ხაზს ვუსვამთ საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლების პარლამენტში ყველა ფორმატში, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრების მნიშვნელობას. მიგვაჩნია, რომ საჭიროა, ყველა შესაძლებლობის გამოყენებით გამოვხატოთ პროტესტი მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლების მიერ, მომზადებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ანტიკონსტიტუციური და ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო კანონპროექტების პარლამენტში წარდგენის გამო.
ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ აუცილებელია, კანონპროექტები საწყის ეტაპზევე იქნეს უარყოფილი მმართველი უმრავლესობის მიერ და არ მოხდეს მათი პირველი მოსმენით მიღება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებას წარმოაჩენს, როგორც პრინციპების დონეზე ანტიდემოკრატიული, ანტიევროპული ინიციატივის მხარდამჭერს, რაც შეუთავსებელია საქართველოს მიერ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებთან. ეს ნაბიჯი, დიდი ალბათობით, იქნება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმის საფუძველი. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ კანონპროექტებს გამჭვირვალეობასთან კავშირი არ აქვთ, ხოლო ინიციატორების მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის აგენტებად გამოცხადება. ვერ გავიზიარებთ შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ პოზიციას, გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის თაობაზე, მით უფრო მსგავსი კანონის მიღებით. მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ საქართველოს საკმაოდ მაღალი სამართლებრივი სტანდარტი გააჩნია. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება ვერ შედგა, რასაც მკაფიოდ გვინდა გავუსვათ ხაზი.
ამავდროულად, იმედს გამოვთქვამთ, რომ პარლამენტში გაგრძელდება პრინციპული დისკუსიები, რაშიც მზად ვართ, ჩავერთოთ იმისათვის, რომ საქართველოსთვის უაღრესად დამაზიანებელი კანონპროექტები არ იქნეს მიღებული და ქვეყანამ არ დაკარგოს ევროპასთან დაახლოების უნიკალური შანსი“- ნათქვამია განცხადებაში.