დემოკრატიულ საზოგადოებაში გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ე.წ. უცხო ქვეყნის აგენტებთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე დასმულ კითხვას.
ამასთან, როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ის კანონპროექტებს დეტალურად არ იცნობს, რადგან მისი უწყება პროცესში ჩართული არ ყოფილა.
"რა ინფორმაციაც მაქვს, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტების მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. ზოგადად, გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ საზოგადოებაში იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ჩართული პირები გამჭვირვალედ მოქმედებდნენ. სხვა დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. ვიცი, რომ სხვადასხვა პროექტია, ჯერ არის კანონპროექტი, მერე უნდა მოხდეს საპარლამენტო განხილვები, ასევე, ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს, ამიტომ ნაადრევი იქნება ჩემგან რაიმე შეფასების გაკეთება", - განაცხადა დარახველიძემ.
პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.
პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას
რაც შეეხება „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.