საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „მოქალაქეების“ ლიდერის ლევან იოსელიანის თაობაზე უმრავლესობა განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დაუჭერს თუ არა მხარს მის კანდიდატურას ომბუდსმენის თანამდებობაზე.
„ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, მათ შორის ბატონ ლევანსაც [იოსელიანი] ექნება შესაძლებლობა, მეტი ისაუბროს საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ხედვებზე და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რთულია ლევან იოსელიანზე რამე „არადადებითის თქმა“.
„ახალია ეს ინიციატივა და უმრავლესობა იმსჯელებს, ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ლევან იოსელიანი ამავე დროს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩვენ ერთად მუშაობის შესაძლებლობა გვქონდა და მის მიმართ, როგორც პროფესიონალის მიმართ ბევრი დადებითი გვესმის. რთულია რამე არადადებითი თქვა, ერთადერთი თავიდანვე იყო ჩვენი პოზიცია და სურვილი, რომ პოლიტიკოსის წრიდან არ ყოფილიყო კანდიდატი, მაგრამ ეს არის კვალიფიციური უმრავლესობის გამოწვევა, არაერთხელ მითქვამს, რომ კვალიფიციური უმრავლესობა არის ცუდი სისტემა, სამწუხაროდ, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ იყოს უფრო კონსტრუქციული შერჩევა კანდიდატების, წინა პროცესი ჩაიშალა სწორედ ამის გამო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.