ანა ბუჩუკური - „ოცნება“ ცდილობს, მტერი და მოყვარე ერთ სიბრტყეში განიხილოს - კოლეგებო, ეს იქნება თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობა და ვერ ამოეფარებით ვინმე არაფორმალურ მმართველს

„ოცნება“ კანონებით ცდილობს, რომ მტერი და მოყვარე ერთ სიბრტყეში განიხილოს და ამას აკეთებს მიზანმიმართულად, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მან მიმართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომ აღნიშნულ კანონპროექტზე ხმის მიცემით ისინი გაიზიარებენ პასუხისმგებლობას, რასაც საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ისტორიული არჩევანის მიზანმიმართული დაზიანება ჰქვია.

„ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არიან ადამიანები, რომლებთანაც წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა, მაგრამ უნდა ვთქვა - უახლოეს დღეებში მათ მოუწევთ ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მათი პერსონალური პასუხისმგებლობა იქნება და ვერ ამოეფარებიან ვინმე არაფორმალურ მმართველს. კოლეგებო, ეს იქნება ინდივიდუალური პასუხისმგებლობა თითოეული თქვენგანის, თითოეული თქვენგანი გაიზიარებთ პასუხისმგებლობას, რასაც ჰქვია საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების ისტორიული არჩევანის მიზანმიმართული დაზიანება. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ აქ მიზანი გამჭვირვალობა არ არის.

მტერი, რომელიც ისტორიამ განგვისაზღვრა ეს არის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი და რაც შეეხება მეგობრებს - მეგობრები ჩვენ ავირჩიეთ, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. „ოცნება“ ამ კანონებით ცდილობს, რომ მტერი და მოყვარე ერთ სიბრტყეში განიხილოს და ამას აკეთებს მიზანმიმართულად. შესაბამისად, როგორც კონტრპოლიტიკური აქტი, ჩვენ დავაანონსეთ დღეს, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი, გამართლებული იქნებოდა რაიმე მსგავსი ტიპის კანონის მიღება მხოლოდ და მხოლოდ უნდა უკავშირდებოდეს ოკუპანტ ქვეყანას, რუსეთს. ჩვენი მტერი, ოკუპანტი არის რუსეთი, შესაბამისად საფრთხეები მოდის რუსეთის ფედერაციისგან და ამას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი, რომელსაც დავაინიცირებთ“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ანა ბუჩუკურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს საქართველოს იზოლირება, ნამდვილი მეგობრები აგრძელებენ ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერას.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება.

„ხალხის ძალამ“ კიდევ ერთი კანონპროექტი - უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის თაობაზე“ დააინიცირა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის თარგმანი და ანალოგია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა