პროტოკოლით როგორ არის არ ვიცი, მაგრამ [პრეზიდენტი] რომ მიეწვიათ, იქ რაღაცა კრამიტებს დალეწავდა-თქო მაგის არ მჯერა, ამიტომ, არ მიიწვიეს და ნუ მიიწვიეს, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტის არ მიწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მან ასევე "ხალხის ძალის" მიერ ე.წ. აგენტებთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამას "მიზანმიმართულად აკეთებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მივიღოთ".
„მე მგონი, აღარ დარჩა ცოცხალი პოლიტიკოსი ბრიუსელში და ვაშინგტონში, ვინც ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა. ერთმნიშვნელოვნად და გასაგებად გვეუბნებიან, რომ თუ ამ კანონის მიღება მოხდება, როგორც ჩანს, მოხდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველო უარს ამბობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მათ შორის სტატუსზე და ა.შ.," - განაცხადა ჯაფარიძემ.