ნიკოლოზ სამხარაძე - კანონი, რომელიც გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა, იყო სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი

კანონი, რომელიც გურამ მაჭარაშვილმა წარმოადგინა, იყო სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ამერიკული კანონი, შესაბამისად, კარგი იქნებოდა მოგესმინათ რას ლაპარაკობდა და ამ კანონს მაინც არ დასხმოდით თავს. გასაგებია, რომ მეორე კანონს უნდა დაესხათ თავს,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა მიმდინარეობს.

მისი თქმით, პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის და არა ტერმინების განხილვას.

„ჩვენი საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კანონი, რომელიც ბატონმა გურამმა [მაჭარაშვილი] ახლა წარმოადგინა, იყო წმინდა ამერიკული კანონი, სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი, შესაბამისად, ჩვენი კოლეგები ამ ამერიკულ კანონს თავს დაესხნენ და თქვეს რომ ამერიკული კანონით, თურმე არ შეიძლება ნატო-ში შესვლა.

რაც შეეხება დღევანდელ მოსმენას. დღეს, ჩვენ ვიხილავთ, კანონს პირველი მოსმენით. პირველი მოსმენით კანონის განხილვა ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ პრინციპის და არა ტერმინების განხილვას. კიდევ ერთხელ განვმარტავ იმ დეპუტატებისთვის, რომლებმაც არ იციან რა არის პრინციპების დონეზე საკითხის განხილვა, მათ შორის, ჩვენი არასამთავროებისთვის და სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის.

პირველი მოსმენით არ განიხილება, არც კანონის სახელწოდება, არც ტერმინები, არც მუხლები, არც მოქმედების ვადები, არც ზღვრები, არც სფეროები და არცერთი კონკრეტული თემატიკა, რომელიც ამ კანონპროექტს ეხება, შესაბამისად, ეს ყველაფერი იქნება მეორე მოსმენის დროს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მივიღებთ ვენეციის კომისიის დასკვნას“,- განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, დეპუტატებმა არ იციან პარლამენტის რეგლამენტი, რაც „უმძიმესი ფაქტია“.

„მე არავის არ ვიცავ, მე ვიცავ პარლამენტის რეგლამენტს, იმიტომ რომ მე ვარ კომიტეტის თავმჯდომარე და ვალდებული ვარ ამ ქვეყნის კანონმდებლობას პატივი ვცე. შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ, ყველა თავმოყვარე დეპუტატს და ყველა თავმოყვარე ადამიანს, რომ პატივი სცეთ საქართველოს კანონს და საქართველოს კანონმდებლობას. პატივი ეცით იმ ფიცს, რომელიც დადეთ ქართველი ხალხის წინაშე. ქართველი პარლამენტარის ფიცში არ შედის ასეთი მოქცევა. შეუძლებელია, რომელიმე ქვეყნის პარლამენტში, ასეთი ქმედება მოსაწონი იყოს“, - განაცხადა სამხარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა