პარლამენტის ფოიეში ხმაურია, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების
ერთობლივი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირეს, ისმის შეძახილები - "მოღალატე", "მონებო".
არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილი შეძახილებით და სტვენით ელოდებიან დეპუტატების გამოჩენას, რომლებმაც კომიტეტის დარბაზი უნდა დატოვონ.
"მშიშრებო"- სკანდირებენ ისინი.
დეპუტატებმა კი, სავარაუდოდ, მეორე გასასვლელიდან დატოვეს დარბაზი.
ამასთან, მოგვიანებით, პარლამენტის ფოიეში მყოფ არასამთავროვო სექტორის და მედიის ნაწილს, რომელიც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს, პარლამენტის შენობის ა კორპუსიდან პარლამენტის ეზოში გასვლის საშუალება არ მისცეს, სავარაუდოდ ამის მიზეზია ის, რომ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომა და დეპუტატები, რომელთაც საკომიტეტო დარბაზი დატოვეს, ჯერ არ გასულან შენობიდან. არასამთავრობო სექტორის და მედიის ნაწილმა შენობა სხვა ფლიგელიდან დატოვეს.