ამ ხალხისთვის ერთადერთი იმპერატივი და ჭეშმარიტება ბიძინა ივანიშვილის სურვილია - აბა ეყოთ გამბედაობა და ვაჟკაცობა, დაუძახონ მტერს მტერი, ნაცვლად იმ კანონპროექტების განხილვისა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტების პასუხად მათ დაარეგისტრირეს ალტერნატიული პროექტი, რომელიც სისხლისსამართლებრივ დამნაშავეებად ცნობს ე.წ. გავლენის პირებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან არიან დაკავშირებული და ეწინააღმდეგებიან თავის მოქმედებებით საქართველოს კონსტიტუციურ მიზნებს.
„ამათი გადმოსახედიდან ასეთი მოცემულობა გვაქვს: ამერიკა ტყუის, როცა აფასებს, რომ ეს კანონპროექტი არის ძალიან დიდი პრობლემა, ევროკავშირის 28 სახელმწიფო ტყუის, როცა ამბობს, რომ პრობლემაა ამ კანონში, არასამთავრობო სექტორიც ტყუის, პრეზიდენტიც, როცა ამბობს, რომ ანტიკონსტიტუციურია. ამ ხალხისთვის ერთადერთი იმპერატივი და ჭეშმარიტება ბიძინა ივანიშვილის სურვილია და აქ მგონი უფრო თეოლოგიურ საკითხთან გვაქვს საქმე, ვიდრე პრაგმატული პოლიტიკის, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის კეთებასთან. ჩვენი პასუხი იყო, რომ დავარეგისტრირეთ ალტერნატიული პროექტი, ამ კანონპროექტის შინაარსის განხილვაში არ შევდივართ და ვამბობთ, რომ მტერს უნდა დაერქვას მტერი და არ უნდა დაისვას ტოლობის ნიშანი ქვეყნის ოკუპანტ სახელმწიფოსა და სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ამიტომ სისხლისსამართლებრივ დანაშაულად უნდა ვცნოთ ე.წ. გავლენის პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციასთან არიან დაკავშირებული და ეწინააღმდეგებიან თავის მოქმედებებით ჩვენს კონსტიტუციურ მიზნებს, აბა ეყოთ გამბედაობა, ვაჟკაცობა, დაუძახონ მტერს მტერი და ამ კანონპროექტის განხილვა დაიწყონ, ნაცვლად იმ კანონპროექტებისა, რომელიც აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელსაც გამოდიან და ურცხვად უჭერენ მხარს,"- განაცხადა ლილუაშვილმა.