თინათინ ნიბლოშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს დედის დღე მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ქალებს დედის დღე მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებმა 40-მდე მსჯავრდებული ქალი, ასევე დედათა და ბავშვთა კორპუსში მყოფი დედები, ორსულები და მცირეწლოვანი ბავშვები მოინახულეს და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, დედის დღე ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური სტატუსისა.

„გადავწყვიტეთ, დედის დღესთან დაკავშირებით, ქალი მსჯავრდებულები მოგვენახულებინა. ვფიქრობ, ამ დღეს ყველა დედა ელოდება და სიამოვნებით იღებს მილოცვას. დარწმუნებული ვარ, რომ დედის დღეს უფრო დიდი დატვირთვა აქვს იმ დედებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში იმყოფებიან. მათ ჩვენი გვერდით დგომა განსაკუთრებულად სჭირდებათ, რათა შემდეგ ეს ქალბატონები სრულფასოვან წევრებად დაუბრუნდნენ საზოგადოებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს ცნობით, ისინი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ. წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღეს დედაქალაქის წარმომადგენლობითმა ორგანომ მსჯავრდებულებისთვის 400-მდე წიგნი, კერძოდ, მხატვრული ლიტერატურა, შეაგროვა. ერთობლივი ღონისძიებები, რომლებიც მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას შეუწყობს ხელს, მომავალშიც გაგრძელდება.

გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა