სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ ომბუდსმენის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვის პროცესში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს

"ლელოს" დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევის პროცესი ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

მან ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის საკითხი შეაფასა და განმარტა, რომ "ლელო" საკითხის განხილვაში მონაწილეობისგან თავს შეიკავებს.

"რაც შეეხება ლევან იოსელიანის კანდიდატურას, პროცესი არ არის იმგვარად წარმართული, რაც ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ევროკვშირის მოთხოვნა ძალიან ცალსახა იყო - ჩვენ უნდა მივიღოთ სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი, რომელიც შერჩეული იქნება ინკლუზიური პროცესის შედეგად და მას ფართო საზოგადოებრივი ნდობის მანდატი ექნება. დაჩქარებული წესით, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის დამტკიცება ამ პოსტზე ევროკავშირის მოთხოვნებს არ შეესაბამება. რადგან არ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესით და ამ სახით იოსელიანის დანიშვნა სახალხო დამცველის პოსტზე დააკმაყოფილებს ევროკავშირის მოთხოვნას, ამ პროცესში მონაწილეობისგან თავს შევიკავებთ იმიტომ, რომ ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირის მოთხოვნის შესრულება, რასაც "ქართული ოცნება" ჯიუტად არ აკეთებს", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება გეგმავს თუ არა პარტია "ლელო" საკუთარი კანდიდატის დასახელებას, სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ინკლუზიური პროცესი გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობა. "ქართულმა ოცნებამ" ჩააგდო პროცესი, რომელიც საშემოდგომო სესიის დროს წარიმართა იმ ამოცანით, რომ ქვეყანას არ ჰყოლოდა დამოუკიდებელი კანდიდატი. "ქართული ოცნების" ამოცანა არის ყველანაირი ხერხებით ტორპედირება გაუკეთოს ჩვენს ევროპულ მომავალს, მათ შორისაა 12 პუნქტის შესრულების ჩაგდება გამიზნულად და ეს შეეხება სახალხო დამცველის პროცესს",-განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი, 6 მარტის სხდომაზე, სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას განიხილავს.

იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" შესთავაზა და მას საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს.

სავარაუდოდ, სახალხო დამცველის არჩევის საკითხი მომავალ კვირასვე პლენარულ სხდომაზე გავა.

სახალხო დამცველის არჩევას, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა