საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ერთად დავდგეთ, არ დავუშვათ ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღება და განხილვა - დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას, რომელიც ხვალ პარლამენტში არის დაგეგმილი.
როგორც ბეჟაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განმარტავს, ხვალ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ოპოზიცია ერთიანი სახით იქნება წარმოდგენილი.
„ყველა საპარლამენტო ოპოზიციურ ჯგუფს აქვს ერთი აზრი, ის, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოში რუსული კანონის მიღება. საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანია და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ერთად დავდგეთ, რათა არ დავუშვათ ამ კანონის მიღება და განხილვა. კონკრეტულ გეგმაზე საუბარი არ არის მართებული. არ ვართ ისე განწყობილები, რომ არ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი. დავაფიქსირებთ პროტესტს და ყველა შესაძლო ფორმას მივმართავთ, რათა კომიტეტის სხდომაზე ხალხმა გაიგოს, რომ რუსული და რეპრესიების კანონია“,- აღნიშნავს ბეჟაშვილი.