ნიკოლოზ ვაშაკიძე - ახალი ხელისუფლების ფორმირება  2024 წლის  არჩევნების  შედეგად ჭეშმარიტად საერთო სახალხო გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა  მოხდეს

მოახლოებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მრავალ მიზეზთა გამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იქნება საქართველოს ისტორიაში. ამ არჩევნებზე ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით ბევრი რამ გადაწყდება, ამიტომ აუცილებელია საქართველოს ახალი ხელისუფლების ფორმირება 2024 წლის არჩევნების შედეგად ჭეშმარიტად საერთო სახალხო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეთა უზარმაზარი რაოდენობა ქვეყნის გარეთ ცხოვრობს და ისინი მოკლებულნი არიან საშუალებას, მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში არჩევნებში ხმის მიცემის სახით.

„დიპწარმომადგენლობების ბაზაზე არსებული საარჩევნო ინფრასტრუქტურა არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას ჩვენი ემიგრანტების ერთ პროცენტსაც არ აძლევს. ამ დროს, ელემენტარული პოლიტიკური ნებისა და საკმაოდ მოკრძალებული ხარჯების გაწევის პირობებში, იოლად შეიძლება საქართველოს მოქალაქეთა მინიმუმ ნახევარს მიეცეს არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება. ეს მხოლოდ პირველ ეტაპზე. მომავალში რაოდენობის გაზრდა კიდევ უფრო მეტად შეიძლება. არსებული მდგომარება საშინელ უსამართლობას წარმოადგენს. სახელმწიფომ ვერ შეძლო თავისი მოქალაქეებისთვის ნორმალური არსებობის პირობების უზრუნველყოფა, რამაც აიძულა ისინი სამშობლო დაეტოვებინათ და, სამწუხაროდ, არც მოქალაქის ფუნდამენტური უფლების რეალიზაციის საშუალებას აძლევს.

21-ე საუკუნის პირობებში, კომუნიკაციების არნახული განვითარების რეალიებში, ჩვენი ემიგრანტები სულაც არ არიან მოწყვეტილნი საქართველოს. ისინი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან თავიანთ ოჯახებთან, ახლობლებთან, ტელევიზიისა და ინტერნეტის საშუალებით თვალყურს ადევნებენ თავიანთი ქვეყნის ცხოვრებას და ხშირ შემთხვევებში უფრო ღრმად არიან ჩართულნი საქართველოს ცხოვრებაში, ვიდრე ბევრი აქ მცხოვრები ადამიანი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ემიგრანტები უდიდეს როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. მათი მხრიდან საქართველოში მომდინარე ფინანსურ ნაკადს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეკონომიკისთვის. 21-ს საუკუნის საქართველო რეალურად არის გლობალური საქართველო, ანუ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები პლუს ემიგრაცია და სწორედ ეს გლობალური საქართველო და არა მხოლოდ მისი უშუალოდ საქართველოში ფიზიკურად მცხოვრები ნაწილი უნდა წყვეტდეს თავისი ქვეყნის ბედს. ვფიქრობ, ხელისუფლების მხრიდან ამ პრობლემისადმი გულგრილობის პირობებში, ის ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარი საზრუნავი უნდა გახდეს. აუცილებელია, გაერთიანებულმა ოპოზიციამ შეიმუშაოს და შესთავაზოს პარლამენტს და საზოგადოებას შესაბამისი კანონპროექტი და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს მისცემს საქართველოს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას“,- აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.

ინფორმაციას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს