სალომე სამადაშვილი ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - თუ გგონიათ, რომ ეს კანონი თქვენ არ გეხებათ, ცდებით, ეს ეხება ყველას და მისი ამოცანაა ავტოკრატიული რეჟიმის საბოლოოდ გაფორმება

„ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შანსს დაკარგავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონის მიღებით საქართველოში ვეღარ იმუშავებს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„მსურს კიდევ ერთხელ ავუხსნა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რა კანონის განხილვა მიმდინარეობს დღეს პარლამენტში. ამ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო ვეღარ მიიღებს ვერანაირ სტატუსს, რომელიც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს ნიშნავს, რომ მოლდოვა და უკრაინა დაიწყებენ გაწევრიანების პროცესს, საქართველო დარჩება ამ პროცესის მიღმა, ჩვენ უარს გვეტყვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, როდესაც საკითხის განხილვა შედგება. მეორე, ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიხურება და ვეღარ იმუშავებს, მაგალითად, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ქვეყანაში აღარ იარსებებს რესურსი, რომელიც არჩევნებს დააკვირდება. ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ თქვენ, სადაც არ უნდა ცხოვრობდეთ, ქალაქში, სოფელში, ვეღარ მიიღებთ ვერანაირ დახმარებას იმ უზარმაზარი დახმარების თანხებიდან, რომელსაც დასავლეთი ამ ქვეყანას გასული 30 წლის მანძილზე აძლევდა. ამიტომ, თუ გგონიათ, რომ ეს კანონი თქვენ არ გეხებათ, ცდებით. ეს კანონი ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და მისი ამოცანა არის ავტოკრატიული რეჟიმის საბოლოოდ გაფორმება და ფაქტობრივად, ამ ქვეყნისთვის შანსის წართმევა, რომ თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუშალოთ ამ კანონის მიღებას“,-განაცხადა სამადაშვილმა.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე