მოდერნიზებული ბოლშევიკები "უცხოური გავლენის აგენტების" სახელით აშავებენ ადამიანებს. სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა დააშორონ ევროპას და დააახლოონ რუსეთს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე, "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ გამოვიდეს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გააპროტესტოს.
"თუ ბოლშევიკურ საქართველოში იყვნენ ე.წ ხალხის მტრები და ხალხის მტრების ეგიდით ხვრეტდნენ ბოლშევიკები ადამიანებს - ყველა მოაზროვნეს, რომელსაც თავისუფლების კუნძული შეუქმნიათ, პოეზიაში, მხატვრობაში თუ მუსიკაში, ახლა ეს მოდერნიზებული ბოლშევიკები "უცხოური გავლენის აგენტების" სახელით აშავებენ ადამიანებს. სურთ, რომ ჩვენი ქვეყანა დააშორონ ევროპას და დააახლოონ რუსეთს. ეს სხვა არაფერია თუ არა რუსულ ჭაობში დაბრუნება. "ქართული ოცნება" ყველა იმ ადამიანს, ვინც ევროპა აირჩია, ამცირებს, მათ ღირსებას ლახავს და ეუბნება, რომ თქვენ არ იმსახურებთ ევროპას და იმსახურებთ რუსულ სიბნელეში დაბრუნებას. შესაბამისად, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რომ არ მივცეთ რუსულ ოცნებას იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა უკან რუსეთში დააბრუნოს", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.