საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები დილიდან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე განიხილება.
თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ანა წითლიძე, პაატა მანჯგალაძე და ხატია დეკანოიძე კომიტეტის დარბაზში დაშვებას ითხოვენ, თუმცა, მათგან მხოლოდ დეკანოიძე შეუშვეს, რომელიც პარლამენტის შენობაში რამდენიმე წუთის წინ შემოვიდა და როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არ იყო და საკანონმდებლო ორგანოში პირდაპირ აეროპორტიდან მოვიდა.
დანარჩენ დეპუტატებს კი დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე განმარტავს, კომიტეტის თავმჯდომარეს მიკროფონში არ განუცხადებია მათი გაძევების თაობაზე, შესაბამისად, ეს არც სხდომის ოქმში ასახულა.
მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ოფიციალურად ისინი არ არიან გამოძევებული კომიტეტიდან და ადამიანები, ვინც კომიტეტზე შესვლის საშუალებას არ აძლევენ, უკანონო ბრძანებას ასრულებენ.