ხომ ლოგიკური იქნებოდა, ერთი მუხლი დამატებოდა უცხოური გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი ამოიწურებოდა, არც ვიღაცისთვის აგენტის დაძახება მოგიწევდათ , - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა და ამით ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებული კანონის ავტორებს მიმართა.
როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ძველი კანონის რედაქტირება, ახლის დაინიცირების ნაცვლად, მსგავს ვნებათაღელვას არ გამოიწვევდა.
"თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ, რომ საქართველოში გვაქვს და მოქმედებს კანონი გრანტების შესახებ. ეს კანონი აწესრიგებს როგორც გრანტის მიღების, ისე მისი დახარჯვის წესს. ასევე, აწესრიგებს გრანტის მიმღების მიერ ამ გრანტის მიღების სამართლებრივ საფუძვლებს. თქვენ რასაც აყალიბებთ ამ კანონში და რაზეც თქვით, რომ ნახევარ წუთშიც ეტევა, ეს არის გამჭვირვალობა. სადღაც უნდა შეიქმნას რეესტრი, რომ ყველამ შეძლოს და ნახოს ვის რა შემოსავალი აქვს და საიდან იღებს მას. ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ ერთი მუხლი დამატებოდა გრანტების შესახებ კანონს და ყველაფერი იქნებოდა ამოწურული, აღარ იქნებოდა არც ამხელა აჟიოტაჟი, არც რაიმე პრობლემა, არც ვიღაცისთვის აგენტის დაძახება მოგიწევდათ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი არ გამოიწვევდა განსაკუთრებულ ვნებათაღელვას, მით უმეტეს, იმასთან შეფარდებით, რაც ახლა ხდება. ჩემი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ შეიტანეთ ცვლილება ამ კანონში და რატომ დააინიცირეთ ცალკე ორ კანონად?", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.