მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც ამ კანონპროექტის გარშემოა, არის გამომდინარე სწორედ იქიდან, რომ ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებლად მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გახდება ის ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
„დღესაც დასავლელ პარტნიორებთან ერთად ვატარებთ ამხელა კონფერენციას, ერთად ვატარებთ ამდენ ღონისძიებებს და ეს აღიზიანებს სწორედ რადიკალური ოპოზიციის ძალიან ბევრ წარმომადგენელს, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ტარდება ასეთი ღონისძიებები.
გუშინ, ალბათ, იხილეთ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ბერლინში, როგორი შთამბეჭდავი იყო, რამხელა ოვაციები დაიმსახურა. ეს გაღიზიანებთ, საქართველოს წარმატება. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიზიანებს ძალიან ბევრ ადამიანს, გასაგებია, ამის მიუხედავად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს პოზიცია კანონპროექტთან მიმართებაში, შეუძლია ეს თავისუფლად დააფიქსიროს.
„საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, მოვუწოდებდი, რომ ნაცვლად ყვირილისა, ნაცვლად ხმაურისა, მივიდნენ და დააფიქსირონ ცივილურ ფორმებში თავიანთი პოზიცია, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე პლენარულ განხილვაზე.
კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის კანონი, შესაბამისად ეს არის განხილვის პროცესი და ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ლოგიკურად დასაბუთებული წინადადება იქნება კანონში საბოლოო ჯამში ასახული. როგორც ინიციატორი საუბრობს კანონპროექტის, ეს კანონპროექტი ემსახურება გამჭვირვალობის მიზანს, გამჭვირვალობაში მე, პირადად, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში თავად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდათ, რომ იყვნენ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხზე იქნება აუცილებლად მიღწეული“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, საქართველო არის ის სახელმწიფო, რომელიც რეგიონშიც და მრავალ სხვა სახელმწიფოსთან შედარებითაც არის ლიდერი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
„იმავე კონსტიტუციურ ვალდებულებაზე, რომელიც ჩვენ თვითონვე შემოვიღეთ და ჩვენ თვითონ დავაწესეთ, ისე, რომ ამას არავინ გვაძალებდა, ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს კონსტიტუცია მსგავსი ტიპის ვალდებულებას არ იცნობს, თქვენ რა გინდათ ახლა, ვინმეს დააბრალოთ ის, რომ ის რაც ჩვენ თვითონ შემოვიღეთ, ჩვენ თვითონვე ვიტყვით უარს?! არავითარ შემთხვევაში!“, - დასძინა ბრეგაძემ.